87 მომხრე 31 წინააღმდეგი — პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე ქართული ოცნების კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

ქართული ოცნების კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პროექტით რეგულირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა. აღნიშნული პროცედურა კი ხუთ ეტაპად იყოფა.

კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები 16 აპრილს გამოაქვეყნა. საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნება, რომ დასკვნა პოზიტიურია, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია მოსალოდნელზე მეტად კრიტიკული იყო.