ჯორჯ ლუკასმა ფანებს გაუმხილა, რომ ვარსკვლავური ომების სამყაროდან მისი ფავორიტი პერსონაჟი ფანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საძულველი გმირი, ჯარ-ჯარ ბინკსია.

74 წლის რეჟისორმა ფილმის ვარსკვლავური ომები: პირველი ეპიზოდი - ფარული საფრთხე პრემიერაზე მისულ სტუმრებს ვიდეოთი მიმართა.

"ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმია და ჯარ-ჯარი ჩემი ფავორიტია", - განაცხადა ლუკასმა.

ჯარ-ჯარმა Huffington Post-ის რეიტინგში, რომელიც ფრენჩაიზის 93 გმირს მოიცავდა, ბოლო ადგილი დაიკავა. Rolling Stone-ს კი კომიკურ გმირად ჩაფიქრებული უცხოპლანეტელი Star Wars-ის 50 საუკეთესო პერსონაჟის ჩამონათვალში არ უხსენებია.

"თუკი დართ მოლი ლუკასის კოშმარებიდანაა გადმოსული, ჯარ-ჯარ ბინკსი საიდან მოვიდა?!" - ეწერა სტატიაში.

კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ჯარ-ჯარი რასისტული სტერეოტიპების ვიზუალიზაციაა.

აჰმედ ბესტმა, რომელმაც პერსონაჟის ხმა და მოძრაობა შექმნა, გასულ წელს განაცხადა, რომ ჯარ-ჯარის მიმართ გამოთქმულმა კრიტიკამ ის კინაღამ სუიციდამდე მიიყვანა.

ფოტო: ALAMY

ჯორჯ ლუკასმა ვიდეოში აღნიშნა, რომ აჰმედმა როლს თავი არაჩვეულებრივად გაართვა.

საპასუხოდ, ბესტმა ტვიტერზე დაწერა: "თავბრუდახვეული ვარ იმ სიყვარულითა და მხარდაჭერით, რომელიც დღეს ღონისძიებაზე მივიღე. ძალიან გამიჭირდა, რომ მადლიერების ცრემლებად არ დავღვრილიყავი. დიდი მადლობა ყველას".