ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, რუსეთთან გაერთიანებისთვის სამხრეთ ოსეთმა ყირიმის გზა უნდა გაიაროს.

"სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მოხარულია ყირიმის გამო, რომელიც მშობლიურ წიაღში დაბრუნდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ ოსეთი, რომელიც აცნობიერებს, რომ მისი გაყოფა დღეს არ მომხდარა, აკეთებს ყველაფერს, რათა რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს", — განაცხადა ბიბილოვმა.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წელს მოხდა, როდესაც უკრაინის კუთვნილ ნახევარკუნძულზე არალეგიტიმური რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმის შედეგებით, ყირიმი რუსეთს შეუერთდა.

ანატოლი ბიბილოვი და მისი პარტია რუსეთთან შეერთების მომხრეა. რუსეთთან გაერთიანების დაპირება ბიბილოვმა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების დროს გასცა.