პანორამა თბილისის მშენებლობაზე დაშავებული მუშების მტკიცებით, უსაფრთხოების ნორმები თავად არ დაიცვეს, რის გამოც დაშავდნენ. დაშავებული მუშების კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"ჩვენი უფროსიც გასული იყო. მალე რომ დაგვემთავრებინა, ასე მოვიქეცით. სიმაღლეზე ასვლისას ეს კონსტრუქცია გამოედო აივანს, კონსტრუქცია გადმოიწია, ცალი მხარე ჩამოვარდა და ცალი მხარე კორპუსის აივანზე შერჩა. ვეღარ გავსწორდით და გადმოვვარდით. რეალურად, დავარღვიეთ უსაფრთხოება. როცა მუშაობას ვიწყებთ, სულ ვიცავთ ხოლმე უსაფრთხოებას. სამუშაო საათების დროს მოხდა ეს შემთხვევა", — აღნიშნა გიორგი ლიპარტელიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

გუშინ, 16 აპრილს პანორამა თბილისის მშენებლობიდან სამი მუშა გადმოვარდა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.