ტრანსპორტის სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, თბილისში, აღმაშენებლის ძეგლიდან გაგარინამდე (ჟვანიას მოედნამდე) ავტობუსების შუა ზოლში მოძრაობა იგეგმება. ამის შესახებ მან ავტორადიოს ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ავტობუსები შუა ნაწილში ისე იმოძრავებს, რომ მწვანე ზოლი შენარჩუნდება. მისივე განცხადებით, გაჩერებები შუაში გაკეთდება და ქვეითები შუქნიშნების მეშვეობით შეძლებენ გზის მეორე მხარეს გადასვლას.

"ამ პრინციპებზე დაყრდნობით, მთელი დედაქალაქი დაიქსელება და მივიღებთ ასეთ მოცემულობას: კერძო ავტომობილით შეიძლება საცობში იყოთ გაჩერებული და ავტობუსი სწრაფად მოძრაობდეს, ან დაგხვდებათ საათობრივი ზონალური პარკირება იქ, სადაც ავტობუსები კომფორტულად და იაფად იმოძრავებენ", — თქვა მუმლაძემ.