იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ის ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის შემცირება და მოსამართლეთა ეტაპობრივი დანიშვნა ორგანულ კანონში ვერ აისახება.

გვრიტიშვილის განცხადებით, რეკომენდაციების ნაწილი ეწინააღმდეგება ამავე კომისიის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემულ რეკომენდაციებსაც. მისი თქმით, 2013 წელს კომისიამ ჩათვალა, რომ ღია კენჭისყრის შეცვლა ფარული კენჭისყრით პროგრესული და მისასალმებელი ცვლილება იყო, დღეს კი ფიქრობს, რომ ფარული კენჭისყრა ცუდია.

"თუ ფარული კენჭისყრა უნდა შენარჩუნდეს, მაშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა დასაბუთება შეუძლებელია: რანაირად უნდა აიძულო საბჭოს წევრი ღიად გამოთქვას აზრი, თუ რატომ დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი კანდიდატს, ეს ხომ ფარულობას დაარღვევს", — წერს ის განცხადებაში, რომელიც ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.

მისი თქმით, "განსაკუთრებით უცნაურია" რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილი აირჩიოს მოქმედმა პარლამენტმა, დანარჩენი კი აირჩიოს 2020-2024 წლების მოწვევის პარლამენტმა. მიაჩნია, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ სარჩულს ატარებს.

მისივე თქმით, "ალოგიკურია" გასაჩივრდეს საბჭოს გადაწყვეტილება კანდიდატის ნომინირების შესახებ, რადგან ის შუალედურია. ის სხვამს კითხვას, ამ შემთხვევაში პარლამენტის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება რატომ არ საჩივრდება.

გვრიტიშვილის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა კატეგორიული მოთხოვნაა კანდიდატს ჩაბარებული ჰქონდეს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

"რადგან 1-ლი და მე-2 ინსტანციების მოსამართლეობისათვის კანონით ეს აუცილებელი მოთხოვნაა, მითუფრო ის აუცილებელი უნდა იყოს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლისათვის, როგორც კვალიფიციურობის დამადასტურებელი ობიექტური განმსაზღვრელი", — აცხადებს გვრიტიშვილი.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესის მოსამართლეთა დანიშვნის წესებთან დაკავშირებით უკვე ცნობილია. დოკუმენტი 14-გვერდიანია და 68 პუნქტს მოიცავს. საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნება, რომ დასკვნა პოზიტიურია, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია მოსალოდნელზე მეტად კრიტიკული იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კომისიის დასკვნებთან დაკავშირებით უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს და დეპუტატებს. რეკომენდაციები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინ უნდა განეხილა, თუმცა, ოპოზიციის მოთხოვნის და შემდგომ უმრავლესობის გადაწყვეტილების საფუძველზე, განხილვა დღეისთვის, 18 აპრილისთვის გადაიდო.

გაიგეთ მეტი: