"დადასტურდა აბსოლუტურად ის, რაზეც ამდენი ხანი ვსაუბრობდით, რომ გამოძიება არასწორი გზით მიმდინარეობს და არაა გადადგმული ეფექტური ნაბიჯები", — ამის შესახებ ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ პროკურატურაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამის საფუძველს აძლევს ის ფაქტი, რომ საქმეზე განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი დაკითხული არ არის.

"ნაცვლად ამისა, გამოკითხულია ისეთი პირები, რომელთაც დანაშაულზე ინფორმაცია ვერ ექნებოდათ. მაგალითად სკოლის დამლაგებელი, რაც აბსურდია. არ არის ჩატარებული დეტალური ამონაწერები ტელეფონებიდან, არ არის სწორი კითხვებით მიმართული ექსპერტიზისთვის, არ არის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული, რაც მოგვცემდა საქმეზე ობიექტურს სურათს", — თქვა შენგელიამ.

მისივე თქმით, სანამ ბატიაშვილი არ გამოიკითხება, რაიმე სახის გამოძიებაზე ან ობიექტურობაზე საუბარი ზედმეტია.

"დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური მიმართულებით გამოძიება საერთოდ არ არის ნაწარმოები. მაგალითად განცხადებებში, საქმის მასალებსა და საჩივრებში ფიგურირებდა რესუსრსცენტრის ხელმძღვანელი, კახაბერ ფარცვანია რომელიც, ნათელა ხორგუანის განცხადებით, პირდაპირ ახდენდა პოლიტიკურ ზეწოლას. ის გამოკითხულიც არ არის გამოძიების არც ერთ ეტაპზე", — აღნიშნა შენგელიამ.