ფეისბუქმა აღიარა, რომ 1,5 მილიონი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის კონტაქტები მათი თანხმობის გარეშე შეაგროვა. კომპანიის განცხადებით, ახლა შეგროვებული კონტაქტების წაშლის პროცესშია.

ოთხშაბათს გავრცელებული განცხადების მიხედვით, სოციალურ ქსელზე მიმაგრებული მეილების კონტაქტების სია ფეისბუქის სერვერებზე "შემთხვევით" იტვირთებოდა. უსაფრთხოებაში გარღვევა ორი წლის წინ მოხდა, როცა ფეისბუქის დიზაინი შეიცვალა.

სამი წლის წინ, ფეისბუქს რამდენიმე საფეხურიანი ვერიფიკაციის გავლის პროცესი დაემატა. როცა მომხმარებლები საიტზე რეგისტრაციას გადიოდნენ, ცვლილებასთან ერთად, მათ შეეძლოთ ელექტრონული ფოსტის კონტაქტების სია აეტვირთათ ფეისბუქზე მეგობრების საპოვნელად.

თუმცა, 2016 წლის მაისში ფეისბუქმა წაშალა ის მითითება, სადაც მომხმარებლებს უხსნიდა, რომ რეგისტრაციისას კომპანიის სერვერზე მათი მეილის კონტაქტები აიტვირთებოდა. ასე ახერხებდა ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი მათ შეგროვებას ნებართვისა და ინფორმირების გარეშე.

ფეისბუქი დასძენს, რომ შემთხვევით შეგროვებული კონტაქტების სიაზე კომპანიის გარეთ წვდომა არავის ჰქონია.