მოსკოვის გუბერნიის თეატრი, რომლის ხელმძღვანელიც რუსეთის სახალხო არტისტი სერგეი ბეზრუკოვია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ტურნეს გამართავს. დე ფაქტო ხელისუფლების მედიის ინფორმაციით, ტურნე აგვისტოშია დაგეგმილი, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარების 11 წლისთავისთვის.

თეატრი ცხინვალს დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მოწვევით ესტუმრება. სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცესები.

ბეზრუკოვი საქართველოში არაერთხელ არის ნამყოფი. მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

2014 წელს ბეზრუკოვს მორიგი ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი თბილისში, რომელიც საზოგადოებრივი პროტესტის გამო გაუქმდა. ამ მოვლენებს წინ უძღოდა ყირიმის ანექსია და რუსი ხელოვანების მიერ პუტინის პოლიტიკის მხარდასაჭერი წერილის გავრცელება. ხელმომწერებს შორის იყო ბეზრუკოვიც.

ვიზიტის გაუქმების შემდეგ ბეზრუკოვმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია მიზეზი, რადგან ის ქართველ მაყურებელს ძალიან უყვარს. მისი თქმით, მასაც უყვარდა საქართველო და უკრაინა და ხელოვნება და პოლიტიკა უნდა გამიჯნულიყო.