ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს პროტესტის გამო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სხდომაზე ორსაათიანი შესვენების გამოცხადება მოუწია. სწორედ დროის ამ მონაკვეთს ითხოვდა ოპოზიცია უმრავლესობის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების გასაცნობად.

შესვენების გამოცხადებამდე ოპოზიციის წარმომადგენელები სიტყვით გამოსვლის უფლებას ითხოვდნენ, თუმცა თავმჯდომარემ მხოლოდ რამდენიმე მათგანის მოთხოვნა დააკმაყოფილა. პროტესტის გამოსახატად ევროპული საქართველოს დეპუტატები, ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი სამუშაო მაგიდებზე აბრახუნებდნენ.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესის მოსამართლეთა დანიშვნის წესებთან დაკავშირებით უკვე ცნობილია. დოკუმენტი 14-გვერდიანია და 68 პუნქტს მოიცავს. საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნება, რომ დასკვნა პოზიტიურია, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია მოსალოდნელზე მეტად კრიტიკული იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კომისიის დასკვნებთან დაკავშირებით უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს და დეპუტატებს. რეკომენდაციები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინ უნდა განეხილა, თუმცა, ოპოზიციის მოთხოვნის და შემდგომ უმრავლესობის გადაწყვეტილების საფუძველზე, განხილვა დღეისთვის, 18 აპრილისთვის გადაიდო.