კანის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ფრანგ მსახიობ ალენ დელონს საპატიო ოქროს პალმის რტოს გადასცემენ. ცერემონია ფესტივალის დახურვის დღეს, 25 მაისს შედგება.

კანის კინოფესტივალის წლევანდელ პოსტერზე ლეგენდარული რეჟისორი, ანიეს ვარდაა გამოსახული, რომელიც 29 მარტს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კანის კინოფესტივალის ჟიურის წელს მექსიკელი რეჟისორი, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ უხელმძღვანელებს.

ცნობილია ისიც, რომ კინოფესტივალს რეჟისორ ჯიმ ჯარმუშის ზომბი აპოკალიფსზე გადაღებული ფილმი The Dead Don't Die გახსნის.

კინოსურათში მთავარ როლებს ბილ მიურეი, ტილდა სუინტონი, სელენა გომეზი, ადამ დრაივერი, სტივ ბუშემი და ტომ ვაითსი ასრულებენ.

კიდევ ერთი ფილმი, რომელიც დღის სინათლეს კანში იხილავს ელტონ ჯონის შესახებ გადაღებული ფილმი Rocketman იქნება.

კანის კინოფესტივალი 14 მაისს დაიწყება.