1970 წლის 22 აპრილს პირველად აღინიშნა დედამიწის დღე, რაც ჩვენი პლანეტისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. აშშ-ის სხვადასხვა შტატში დაახლოებით ოცი მილიონი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და მოსახლეობას გარემოს დაცვისკენ მოუწოდა. მას შემდეგ ამ დღეს მსოფლიოს გარშემო მილიარდობით ადამიანი აღნიშნავს.

ამ დღის საპატივცემულოდ ჩვენც ვიხსენებთ გარემოსდაცვითი მოძრაობის 50 ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას, რომელთაც კაცობრიობამ 1970 წლიდან დღემდე მიაღწია.

1. 1970 წელი, გარემოსდაცვითი მაგნა კარტას მიღება

აშშ-ის მიერ 1969 წელს მიღებული ეროვნული გარემოსდაცვითი პოლიტიკის აქტი ძალაში ერთი წლის შემდეგ შევიდა. კანონი ამერიკის ფედერალურ მთავრობას ავალდებულებდა, ყველა მომავალი მნიშვნელოვანი პროექტი მხოლოდ მას მერე დაემტკიცებინა, რაც გარემოზე მის გავლენას შეაფასებდა. მაგალითად, გზებისა და კაშხლების მშენებლობისას ჯერ უნდა დადგენილიყო, რომ ისინი ეკოლოგიურ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. ამ კანონს, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის პრეცენდენტის დაწესებისთვის, გარემოსდაცვითი მაგნა კარტა ანუ დიდი ქარტია ეწოდა.

2. 1972 წელი, მომწამლავი ქიმიური ნივთიერების აკრძალვა

დიქლორდიფენილტრიქლორეთანი (DDT) უფერო და თითქმის უსუნო ინსექტიციდია, რომელიც ომის შემდეგ ფართოდ გამოიყენებოდა სოფლის მეურნეობის პროდუტქიულობის ზრდისთვისა და კოღოების მოსასპობად. მის აღმომჩენს ნობელის პრემიაც კი გადასცეს, მაგრამ მეცნიერებმა მალევე გააცნობიერეს, რომ ეს ნივთიერება გარემოს პრობლემებს უქმნიდა; მაგალითად, იწვევდა ჩიტების კვერცხის ნაჭუჭის შეთხელებას. რეიჩელ კარსონმა ეს საკითხი ხალხის ყურამდე 1962 წელს მიიტანა, როცა მისი წიგნი, ჩუმი გაზაფხული გამოქვეყნდა. DDT-ს აკრძალვის შემდეგ თეთრთავა არწივი, შავარდენი და საფრთხის ქვეშ მყოფი სხვა ფრინველები გადაშენებას გადაურჩნენ.

3. 1972 წელი, პესტიციდების რეგულირება

1972 წელს მიიღეს ფედერალური გარემოს პესტიციდების კონტროლის აქტი, რითაც განახლდა 1910 წლის კანონი, რომელიც მწარმოებლებს პესტიციდების შესახებ სიმართლის თქმას ავალდებულებდა. ახალი კანონი მარეგულირებლებს პესტიციდების ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე გავლენის გათვალისწინებას ავალებდა, რაც იმ დროისთვის შედარებით ახალი კონცეფცია იყო. გარემოსდაცვით სააგენტოს მეტი უფლებები მიეცა ბაზრის გასაკონტროლებლად და მომწამლავი ქიმიური ნივთიერებების შესაზღუდად თუ უკანონოდ გამოსაცხადებლად.

4. 1972 წელი, მდინარეების გაწმენდითი სამუშაოების დაწყება

1972 წელს აშშ-ში მიიღეს სუფთა წყლის აქტი. ამ კანონის მიზანი იყო, ქვეყანაში არსებული მდინარეები საცურაოდ და სათევზაოდ კვლავ უსაფრთხო გამხდარიყო. სულ რამდენიმე წელიწადში დაბინძურების აკრძალვამ შედეგი გამოიღო და მდინარეებში ცეცხლი აღარ ჩნდებოდა.

5. 1972 წელი, საზღვაო ნაკრძალების დაარსება

ფოტო: Matt Mcintosh / NOAA

მართალია, მიწის ნაკრძალების დაცვას ამერიკაში უკვე საუკუნეზე მეტხანს აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ ოკეანის წყლები დაუცველი რჩებოდა. 1972 წელს საზღვაო დაცვის, კვლევისა და ნაკრძალების აქტის მიღებით აშშ-ში დაიწყო ქვეყნის საზღვაო ნაკრძალთა დაარსება. ამ ნაკრძალებში დღეისათვის დაცულია ისეთი ბიოლოგიური, ისტორიული და კულტურული განძეულობა, როგორიცაა ფლორიდა-კისის მარჯნის რიფები და დიდ ტბებში ჩაძირული უძველესი გემები. საზღვაო ნაკრძალების დაარსებამ ტურიზმის განვითარებასაც შეუწყო ხელი.

6. 1972 წელი, ვეშაპების გადარჩენა

ზღვის ძუძუმწოვრების დაცვის აქტის მიღებით აშშ-ის წყლებში ვეშაპებზე, დელფინებზე, სელაპებსა და ლამანტინებზე ნადირობა აიკრძალა. შედეგად, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მათი რაოდენობა გაიზარდა. ზღვის ძუძუმწოვრების ზრდის ფონზე ეკო-ტურიზმის ბიზნესიც განვითარდა.

7. 1973 წელი, სახეობების გადარჩენა

საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების აქტის შემოღებით დაიწყო გადაშენების პირას მყოფი მცენარეების და ცხოველების დაცვა, აღიკვეთა მათზე ნადირობა და შეიქმნა კანონთა სისტემა მათი ჰაბიტატის დასაცავად. დაიწყო შეჯვარების პროგრამები, რათა ადამიანის ქმედებებით გამოწვეული პოპულაციების კლების ტენდენცია გამოესწორებინათ. იმ სახეობებს შორის, რომელთა რაოდენობის ზრდა ამ კანონის შემოღებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, არიან ამერიკული ნიანგი და მელიისებრი ციყვი.

8. 1975 წელი, საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების გადასარჩენად მსოფლიოს შეთანხმება

1973 წელს ხელმოსაწერად შეიმუშავეს საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებით ვაჭრობის კონვენცია, რომელიც ძალაში 1975 წელს შევიდა. ხელმომწერი ქვეყნები საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებითა და მათი სხეულის ნაწილებით ვაჭრობის აკრძალვაზე ან შეზღუდვაზე შეთანხმდნენ. მიუხედავად ამისა, გაჩნდა შავი ბაზარი, სადაც ისეთი პროდუქტებით ვაჭრობენ, როგორებიცაა ვეფხვის ტყავი და სპილოს ეშვი. ქვეყნებმა ასეთ ტრეფიკინგთან საბრძოლველადაც დაიწყეს გაერთიანებულად მუშაობა.

9. 1974 წელი, (მეტად) უსაფრთხო სასმელი წყლის გაჩენა

უსაფრთხო სასმელი წყლის აქტის მიღება გამოიწვია იმან, რომ ამერიკის მოსახლეობა მეტად ინფორმირებული გახდა გარემოს დაბინძურებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებზე. შედეგად, აშშ-ში არსებულ სასმელი წყლის ყველა სისტემას ხარისხის სტანდარტები დაუწესდა.

10. 1974 წელი, ბენზინიდან ტყვიის შემცველობის ამოღება

1974 წელს ამერიკის გარემოსდაცვითმა სააგენტომ (EPA) დაიწყო ბენზინიდან ტყვიის ამოღების პროცესი, რომელიც 1995 წელს დასრულდა. თავდაპირველად ამ მომწამლავ ნივთიერებას საწვავს ძრავის სიძლიერის გასაზრდელად ამატებდნენ. თუმცა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტყვია ნიადაგში გროვდებოდა და ჰაერის სერიოზული დამაბინძურებელი იყო. EPA-ს მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით 5 ათასი ამერიკელი იღუპებოდა გულის იმ დაავადებით, რომელიც ტყვიით მოწამვლას უკავშირდებოდა. აკრძალვის შემდეგ ამერიკელების სისხლში ტყვიის კონცენტრაციის შემცველობამ 75 პროცენტზე მეტით დაიკლო.

11. 1976 წელი, ქიმიური ნივთიერებების კონტროლის დაწყება

მომწამლავი ნივთიერებების კონტროლის აქტი ბაზარზე ახალი ქიმიური ნივთიერებების შემოღებას აკონტროლებს. აქტზე დაყრდნობით, შესაძლებელია შეიზღუდოს ან აიკრძალოს იმ ნივთიერებებით ვაჭრობა, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს დიდი რისკის ქვეშ აყენებენ. ამის ცნობილი მაგალითია 1978 წლის შემდეგ პოლიქლორირებული ბიფენილით (PCB) ვაჭრობის აკრძალვა. ეს ნივთიერება ფართოდ გამოიყენებოდა მრეწველობაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას კიბოს გამოწვევა შეეძლო.

12. 1978 წელი, ლავ-კანალის ტრაგედიის დაძლევა

ფოტო: UPI

1978 წელს ასობით ადამიანი ლავ-კანალში, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ნიაგარა-ფოლსის დასახლებაში ტოქსიკური ნარჩენებით მოიწამლა. ტრაგედიამ ხალხის ყურადღება სამრეწველო დაბინძურების მოსალოდნელი საფრთხეებისკენ მიაპყრო. დასახლებაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მშობელმა, ლოის გიბსმა, ვაჟიშვილის დაავადების შემდეგ დააფუძნა გარემოსდაცვითი მოძრაობა. ეს გახდა ლოკალურ ინიციატივაზე დაფუძნებული ეკოლოგიური აქტივიზმის პირველი მაგალითი. საბოლოოდ, ლავ-კანალიდან მოსახლეობა გაიყვანეს, ტერიტორია კი დასუფთავდა.

13. 1980 წელი, სუპერფანდის პროგრამის დაწყება

ლავ-კანალის ტრაგედიამ 1980 წლის ყოვლისმომცველი გარემოსდაცვითი რეაგირების, კომპენსაციისა და პასუხისმგებლობის აქტის მიღებას უბიძგა. ეს აქტი სუპერფანდის პროგრამის სახელითაა ცნობილი და ის ტოქსიკური ადგილების წმენდას ისახავს მიზნად. გარემოსდაცვით სააგენტოს უფლება აქვს, დასუფთავების საფასური ჯარიმის სახით აანაზღაურებინოს დამბინძურებელს. ლავ-კანალი ერთ-ერთია იმ ასობით ადგილიდან, რომელიც ამ პროგრამით დასუფთავდა, თუმცა ბევრი სხვა ტერიტორია ჯერ კიდევ გასაწმენდია.

14. 1980 წელი, ალასკას ვრცელი მიწების დაცვა

1980 წლის ბოლოსკენ აშშ-ის კონგრესმა გამოსცა და ჯიმი კარტერმა ხელი მოაწერა ალასკას ეროვნული ინტერესების მიწების დაცვის აქტს. დაარსდა მრავალი ეროვნული პარკი, ნაკრძალი და აღკვეთილი, რის შედეგადაც, ათობით მილიონი ჰექტარი მიწის ფართობი ხელუხლებელ ტერიტორიად შენარჩუნდა.

15. 1982 წელი, უფრო მეტი ვეშაპის გადარჩენა

ფოტო: Tui De Roy

1982 წელს ვეშაპებზე ნადირობის საერთაშორისო კომისიამ, ათწლეულის განმავლობაში მეცნიერთა განუწყვეტელი პროტესტისა და ზეწოლის შედეგად, სამყაროს გარშემო კომერციული მიზნით ვეშაპებზე ნადირობაზე მორატორიუმი შემოიღო. მიუხედავად იმისა, რომ ვეშაპებზე პირატული და საეჭვო "მეცნიერული" მიზნით ნადირობა კვლავ გაგრძელდა, მაგრამ დაწესებულმა შეზღუდვამ მათი ბევრი სახეობა გადაშენებისგან გადაარჩინა. 2018 წლის მიწურულს იაპონიამ განაცხადა, რომ ვეშაპებზე ნადირობის საერთაშორისო კომისიას ტოვებს და სანაპირო წყლებში კომერციული მიზნით ვეშაპებზე ნადირობის გაგრძელებას გეგმავს.

16. 1986 წელი, მაკდონალდსის შეფუთვის გაუმჯობესება

1986 წელს მაკდონალდსმა გარემოს დამცველების კრიტიკის საპასუხოდ ბიოდეგრადირებადი შეფუთვის გამოყენება დაიწყო. უკმაყოფილო აქტივისტთა თანახმად, სტიროფომის კონტეინერებით გზები და ნაგავსაყრელები იყო გადავსებული. კამპანიის მონაწილეების გამარჯვება იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ შეიქმნა კომერციულ და გარემოს დამცველთა ჯგუფების თანამშრომლობის პრეცენდენტი, რის მერე ბიზნესებმა დამოუკიდებლადაც დაიწყეს ეკოლოგიაზე თავიანთი მავნე ზემოქმედების კონტროლი. ამ კამპანიამ მომხმარებელიც დააფიქრა იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გარემოზე მათ ყოველდღიურ არჩევანს.

17. 1986 წელი, სამოქალაქო საქმის წარმატება

1986 წელს მასაჩუსეტსის ქალაქ ვოუბერნის დაბინძურების გახმაურებული საქმე სასამართლოში განიხილეს. მართალია, საბოლოო განაჩენით შვილებისთვის მიყენებული ზარალისთვის დაკისრებული კომპენსაცია მოსარჩელე ოჯახებს შორის არათანბრად გადანაწილდა, მაგრამ ამით მაინც მნიშვნელოვანი პრეცენდენტი შეიქმნა. ეს ამბავი საფუძვლად დაედო 1995 წელს გამოცემულ წიგნს, სამოქალაქო საქმე, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით იმავე სახელწოდების ფილმიც გადაიღეს.

18. 1987 წელი, ოზონის ხვრელის ამოვსების დაწყება

1987 წელს მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ ერთობლივი გადაწყვეტილებით შემოიღო მონრეალის პროტოკოლი. შედეგად, აიკრძალა იმ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც დედამიწის დამცავ ოზონის შრეს ანადგურებდა. ამ მავნე ნივთიერებებს შორის ყველაზე ცნობილი ქლორფტორნახშირბადები იყო. მეცნიერები წუხდნენ, რომ ოზონის შრის განადგურებას, შესაძლოა, კანის კიბოს გავრცელება და სხვა პრობლემები გამოეწვია. ოზონის შრე ახლა აღდგენის პროცესშია.

19. 1987 წელი, კანალიზაციის წმენდა

მას შემდეგ, რაც სამრეწველო დაბინძურების ტემპები შემცირდა, მარეგულირებლების ყურადღება წყლის ხარისხის გაუარესების რიგით შემდეგმა უმთავრესმა მიზეზმა - საკანალიზაციო ნარჩენებმა მიიპყრო. 1987 წლის წყლის ხარისხის აქტმა დააარსა სუფთა წყლის სახელმწიფო ბრუნვადი ფონდი, რომლითაც ქვეყნის მასშტაბით წყლის სისტემების გაუმჯობესების პროექტი დაფინანსდა.

20. 1987 წელი, კონდორების გადარჩენა

ფოტო: Douglas Croft

1987 წელს ბიოლოგებმა 27 უკანასკნელი კალიფორნიული კონდორის გამოკეტვის რთული გადაწყვეტილება მიიღეს. მათ ახალი შთამომავლობის გამოყვანის პროგრამა შეიმუშავეს, რომელიც მოულოდნელად გაჩენილი ხანძრის გამო კინაღამ სრულიად ჩაიშალა. თუმცა, მეცნიერებმა მაინც შეძლეს ახალი თაობის რამდენიმე წარმომადგენლის ბუნებაში გაშვება. შედეგად, ეს სახეობა ნელ-ნელა გამრავლდა და კონდორების რაოდენობა ახლა ოთხასს აღემატება.

21. 1988 წელი, სამედიცინო ნარჩენების წმენდა

1980-იანი წლების ბოლოს საზოგადოება შოკმა მოიცვა, როცა იმ სანაპიროებზე, სადაც ბავშვები თამაშობდნენ, ტალღებმა სამედიცინო ნარჩენების გამორიყვა დაიწყო. სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, 1988 წელს მიიღეს სამედიცინო ნარჩენების მეთვალყურეობის აქტი, რომელიც ჯანდაცვის პროვაიდერებს სამედიცინო ნარჩენების სათნადო წესით განადგურებას ავალდებულებდა.

22. 1989 წელი, ასბესტის წარმოების შეწყვეტა

1989 წელს აშშ-ში მრავალი პროდუქტიდან ასბესტის ამოღება დაიწყეს, რადგან
დამტკიცდა, რომ მას იშვიათი ფორმის ფილტვების კიბოს გამოწვევა შეეძლო. მანამდე ასბესტი, მსუბუქი წონისა და ცეცხლგამძლეობის გამო, ახალ სუპერ-მატერიად მიიჩნეოდა.

23. 1990 წელი, ატმოსფერული ჰაერის წმენდა

მართალია, სუფთა ჰაერის აქტი ჯერ კიდევ 1969 წელს გამოიცა, მაგრამ 1990 წელს მასში მნიშვნელოვანი შესწორება შეიტანეს. განახლებული კანონი მჟავა წვიმებისა და ოზონის შრის პრობლემების მოგვარებას ისახვადა მიზნად. კანონით ასევე დაარსდა სისტემა, რომელიც დამბინძურებლებს მუშაობის ლიცენზიის მიღების პროცესს ურთულებდა და სახელმწიფოს შემდგომში სამუშაო პროცესის ზედამხედველობის უფლებას უტოვებდა. ასევე, კომპანიებს მეტად სუფთა ბენზინის გამოყენება დაევალათ.

24. 1992 წელი, რიოს დედამიწის სამიტის გამართვა

1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გამართულმა გაეროს გარემოსა და განვითარების კონფერენციამ მსოფლიოს ყურადღება გარემოს პრობლემებისკენ მიაპყრო. საზოგადოება, მთავრობები და ბიზნესლიდერები აქტიურად ჩაერთნენ ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის საქმეში. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყეს ქვეყნებმა კლიმატის ცვლილებაზე ერთიანი ძალისხმევით ზრუნვა. საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებმა ასევე მიზნად დაისახეს განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდა და აბორიგენ მოსახლეობათა უფლებების დაცვა. ოცი წლის შემდეგ ხელახლა გამართულ რიოს სამიტზე ამ პრობლემების მოგვარების მეტად დახვეწილი მეთოდები შეიმუშავეს.

25. 1991 წელი, ქრცვინების გადარჩენა

ფოტო: Dreamstime

1991 წელს აშშ-ის თევზების და გარეული ცხოველების დაცვის სამსახურის მეცნიერებმა ამერიკის დასავლეთში შავფეხა ქრცვინების ბუნებაში დაბრუნების პროცესი დაიწყეს. ეს სახეობა 1979 წელს გადაშენებულად გამოცხადდა. მაგრამ მას მერე რამდენიმე ათეული ქრცვინი აღმოაჩინეს და ტყვეობაში გამრავლების პროგრამა დაიწყეს. დღეისათვის ველურ ბუნებაში ათასამდე ქრცვინი სახლობს.

26. 1993 წელი, ერინ ბროკოვიჩის მიერ სასამართლო პროცესის მოგება

მიზანდასახულმა იურისტმა, ერინ ბროკოვიჩმა კალიფორნიის საწარმო წყლის მომწამლავი ნივთიერებებით დაბინძურებაში დაადანაშაულა. ერინის ფირმამ, Masry & Vititoe, კალიფორნიული კორპორაციის წინააღმდეგ აღძრული საქმე მოიგო. მომწამლავი ქიმიკატებით დაბინძურებული წყლისგან დაზარალებულმა ოჯახებმა საკომპენსაციოდ ჯამში უპრეცენდენტოდ მაღალი თანხა - $333 მილიონი მიიღო.

27. 1993 წელი, მწვანე მშენებლობის დაწყება

1993 წელს დაარსდა აშშ-ის მწვანე მშენებლობის საბჭო, რომელმაც ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალების გამოყენების პრიორიტეტულობა განსაზღვრა. მწვანე მშენებლობა ყოველწლიურად აგრძელებს ზრდას. არქიტექტორებმა და სამშენებლო კომპანიებმა განახლებადი ენერგიისა და ეკო-მეგობრული მასალის გამოყენების ხარჯზე დიდი მოგება ნახეს და ეკოლოგიურად სუფთა დიზიანი მალევე საგრძნობლად ტრენდული გახდა.

28. 1993 წელი, ბიომრავალფეროვნების დაცვა

1993 წელს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენცია, საკამარისი რაოდენობის ქვეყნების მიერ რატიფიცირების შემდეგ, ძალაში შევიდა. ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ მსოფლიოს გარშემო ბიომრავალფეროვნების დასაცავად იმუშავებდნენ. კონსერვაციონისტები იმედოვნებენ, რომ ამ კონვენციის მომდევნო ფაზას, რომელიც 2020 წელს დაიწყება, უფრო კონკრეტული მიზნები და შედეგები ექნება.

29. 1995 წელი, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში მგლების დაბრუნება

მათი გაქრობიდან მრავალი წლის შემდეგ იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში მგლები დააბრუნეს. მათ მალევე დაიკავეს ყოფილი ადგილი ეკოლოგიურ პირამიდაში, რის შედეგადაც აღდგა ბალანსი მტაცებელ სახეობებში და მდინარეების დინების მიმართულებაც კი შეიცვალა. დღეს იელოუსტოუნის პარკი ინარჩუნებს დაცული ტერიტორიის სტატუსს და ეკოლოგიის ცოცხალი ლაბორატორიის კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

30. 1995 წელი, თეთრთავა არწივების გადაშენებისგან გადარჩენა

ფოტო: Mike Criss

1995 წელს თეთრთავა არწივი გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების სიიდან ამოშალეს. ამ მოვლენამ კანონის ძალის ეფექტიანობა ყველასათვის თვალსაჩინო გახადა. არწივები დღემდე კანონთა მფარველობის ქვეშ იმყოფებიან და მათზე ნადირობა სასტიკად აკრძალულია.

31. 1997 წელი, კლიმატის ცვლილებაზე ადრეული შეთანხმება

1997 წელს რამდენიმე ქვეყანამ კიოტოს ოქმი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებს შორის აშშ არ ყოფილა. ეს ოქმი მსოფლიოს ლიდერების შეთანხმებული მოქმედებით გლობალური დათბობის პრობლემის გადაწყვეტის პირველი სერიოზული მცდელობა იყო.

32. 2000 წელი, ჰიბრიდების რევოლუციის დაწყება

ტოიოტამ პრიუსის მარკის ავტომობილი იაპონიაში ჯერ კიდევ 1997 წელს წარადგინა, მაგრამ ამერიკის ბაზარზე ის 2000 წელს გამოჩნდა. ამ მაღალტექნოლოგიურმა მანქანამ მომხმარებლებს გააცნო ჰიბრიდული ტრანსმისია, რომელმაც საწვავის ეფექტიანობის ზრდას შეუწყო ხელი. რამდენიმე წელიწადში თითქმის ყველა საავტომობილო კომპანიამ დაიწყო ჰიბრიდული მოდელების გამოშვება.

33. 2000 წელი, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

მეოცე საუკუნის დასასრულს, ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე საგანმანათლებლო და აქტივისტების კამპანიების შედეგად, მოსახლეობაში გარემოსდაცვითმა ცნობიერებამ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. ამ დროიდან მოყოლებული ძალიან ცოტა პოლიტიკოსი და კორპორაცია თუ გაბედავს გარემოს ფაქტორის მნიშვნელობის ღიად უარყოფას.

34. 2001 წელი, გაუკვალავი ადგილების დაცვა

2001 წლის იანვარში აშშ-ის სატყეო სამსახურმა გაუკვალავი ადგილების დაცვის წესი შემოიღო, რომელიც 23 მილიონი ჰექტარის ფართობის ტყეებსა და მინდვრებზე გზების გაყვანასა და ხეების ჭრას კრძალავს. ეს წესი სამრეწველო ინდუსტრიის უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ, სამაგიეროდ, გარემოს დამცველთა მხარდაჭერით სარგებლობს.

35. 2002 წელი, კალიფორნიის მზის ენერგიაზე გადაყვანა

ფოტო: George Rose / Getty

2002 წელს კალიფორნიამ გამოსცა განახლებადი ენერგიის სტანდარტი, რათა ხელი შეეწყო ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოებისთვის. ამ კანონის მეშვეობით, შტატმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმ შედეგამდე, რომელიც 2030 წლისთვის ენერგიის ნახევრის განახლებადი წყაროებისგან მიიღებას ისახავს მიზნად. ბევრმა სხვა შტატმაც დაამტკიცა მსგავსი კანონები და ზოგიერთი მათგანი მომდევნო წლებში ენერგიის ასი პროცენტით განახლებადი წყაროებისგან მიღებასაც კი გეგმავს.

36. 2002 წელი, წიგნის Cradle to Cradle-ის გამოცემა

უილიამ მაკდონას წიგნმა, Cradle to Cradle, საზოგადოებას ბიომიმეტიკური, ეკოლოგიური დიზაინი გააცნო. ამან ხელი შეუწყო ახალი მოძრაობის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს, ადამიანის ყველა ქმედება ბუნების კანონებთან ჰარმონიაში მოაქციოს. ამაში იგულისხმება გამოუსადეგარი ნარჩენების ფენომენის მოსპობა და მისი იმ იდეით ჩანაცვლება, რომ ყველანაირი მატერიალის ხელმეორედ გამოყენებაა შესაძლებელი.

37. 2003 წელი, ელექტრო მანქანების მოდაში შემოსვლა

ელონ მასკის 2003 წელს დაარსებულმა კომპანია ტესლა მოტორსმა ელექტრო მანქანების იდეა კვლავ გააპოპულარულა. სხვა მწარმოებლებმაც აუბეს ფეხი პროგრესს, რამაც ტექნოლოგიის იმ მიმართულებით განვითარებას შეუწყო ხელი, რომელსაც, ბევრი ექსპერტის აზრით, გარემოზე დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია.

38. 2006 წელი, ალ გორის ფილმის პრეზენტაცია

იმის მიუხედავად, მოგწონთ თუ არა ეს დოკუმენტური ფილმი, ფაქტია, რომ ალ გორის უხერხული სიმართლე საზოგადოებას გლობალური დათბობის საფრთხეების ნათლად დანახვაში დაეხმარა.

39. 2006 წელი, თევზჭერის რეგულაციის მიღება

2006 წელს აშშ-მ თევზით ვაჭრობის რეგულაცია შემოიღო. მიზანი მეთევზეების სახელმწიფოს პარტნიორებად გახდომა იყო. რეგულაციის მიხედვით, ყოველი მეთევზე ჯამში დაჭერილი თევზის გაყიდვებიდან პროცენტულ წილს იღებს. ასე რომ, რაც მეტი თევზის დაჭერა მოხერხდება, მით მეტი სარგებელი ექნება თითოეულ მეთევზეს. ამგვარი მიდგომა კონსერვაციის პროგრამას უწყობს ხელს და იმ თევზების მარაგს ავსებს, რომელთა რიცხვიც აშშ-ში ყოველწლიურად მცირდება.

40. 2007 წელი, საწვავის ეფექტიანობის გაუმჯობესება

ენერგიის დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების აქტმა სპორტული და დიდი კომერციული მანქანებისთვის საწვავის ეკონომიის ახალი სტანდარტები დააწესა. ავტომობილის მწარმოებლები დიდხანს ებრძოდნენ ამ სტანდარტებს, მაგრამ საბოლოოდ მათი აღიარება მოუწიათ. 2012 წელს საწვავის ეფექტიანობა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ინიციატივით კიდევ უფრო გაიზარდა. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაცია ზოგიერთი ძველი სტანდარტის დაბრუნებას ცდილობს.

41. 2007 წელი, ფეხით მოსიარულეების რაოდენობის ზრდა

2007 წელს დაარსდა კომპანია Walk Score, რომელიც ცალკეულ ქალაქებსა და უბნებს იმის მიხედვით აფასებს, თუ რამდენადაა მორგებული მათი ინფრასტრუქტურა ფეხით მოსიარულეებზე. კომპანიამ საზოგადოებას დაანახა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი არჩევს ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილებას. ამ კამპანიის მიზანია, მეტ მოქალაქეს მოანდომებინოს მაქნანიდან გადმოსვლა და მეტად კეთილმოწყობილ გარემოში ცხოვრების დაწყება.

42. 2007 წელი, ნიუ-იორკის გამწვანება

2007 წელს ქალაქ ნიუ-იორკის მერმა, მაიკლ ბლუმბერგმა გეგმა, სახელად PlaNYC გამოსცა. გეგმის მიზანია, შეამციროს ქალაქის მიერ გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი. ეს გულისხმობს გადამუშავების და კომპოსტირების გზით ქალაქის სამრეწველო ნარჩენების ნულამდე დაყვანას, ენერგიის ეფექტიანობის ზრდას, ხეების რგვას, პარკებისა და სკვერების შენებას, ველოსიპედით გადაადგილების წახალისებას და ასე შემდეგ. მსოფლიოს გარშემო ბევრმა სხვა ქალაქმაც შექმნა მსგავსი გეგმა.

43. 2009 წელი, ვრცელი საზღვაო ნაკრძალის დაარსება

ფოტო: Jan Witting

2009 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დააარსა წყნარი ოკეანის კუნძულების საზღვაო ნაკრძალი, რომელიც ოკეანის წყლებს იცავს. ეს ტერიტორია ბარაკ ობამამ 1.3 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე გააფართოვა, რის შედეგადაც, მისი ფართობი კალიფორნიის შტატზე სამჯერ დიდი გახდა. ნაკრძალი იცავს ისეთ ენდემურ სახეობებს, როგორებიცაა თევზები, კუები, ვეშაპები და მრავალი სხვა.

44. 2010 წელი, ატლანტიკის სანაპირო ზოლის დაცვა

2010 წელს ამერიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ატლანტიკის ოკეანის ფედერაციულ წყლებში ნავთობის და გაზის მოსაპოვებლად საბურღი სამუშაოები 2017 წლამდე აკრძალა. ეს იყო აშშ-ის მიერ ეკოლოგიურად მოწყვლადი სანაპირო ზოლის დაცვის უკანაკსნელი მცდელობა. პრეზიდენტი ტრამპი წყლებში მუშაობის აღდგენას უჭერს მხარს.

45. 2012 წელი, კაშხლების ნგრევა

2012 წელს ვაშინგტონის ელვას კაშხალები დაანგრიეს, რის შედეგადაც ოლიმპიკის ეროვნულ პარკს მდინარე დაუბრუნდა. სავარაუდოდ, ეს კაშხლის დანგრევის ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო, რომელმაც მოსახლეობას ბუნებრივი მდინარეების აღდგენისა და მათში თევზების დაბრუნების მნიშვნელობა დაანახა.

46. 2015 წელი, კლიმატის ცვლილებაზე ახალი შეთანხმების დადება

2015 წელს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები პარიზში შეიკრიბნენ და გლობალური დათბობის თავიდან აცილების ახალი გეგმა შეიმუშავეს. ქვეყნები ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებაზე შეთანხმდნენ. ბევრი გარემოს დამცველი ოპტიმისტურად უყურებს ამ შეთანხმებას, რადგან ამით პრობლემის გადასაჭრელად კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის გლობალური პრეცენდენტი შეიქმნა.

47. 2017 წელი, ოზონზე გამკაცრებული სტანდარტების დაწესება

2017 წლის აგვისტოში ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ მოქმედმა EPA-მ განაცხადა, რომ აღარ აპირებს შეაყოვნოს ობამას მმართველობის პერიოდში მიღებული რეგულაცია ოზონზე. ეს უკანასკნელი წარმოიქმნება, როცა მზის რადიაცია შთანთქავს ტრანსპორტის, ელექტროსადგურების და სხვა წყაროების გამონაბოლქვს. ობამას ადმინისტრაციამ ოზონის კონცენტრაციის ეროვნული სტანდარტი მისი ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე გავლენის გამო შეამცირა.

48. 2018 წელი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ზოგიერთი სახეობის ფრინველთა და ცხოველთა რაოდენობის ზრდა, რის გამოც ისინი ამ სიიდან ამოიღეს

ფოტო: Shutterstock

2018 წლის აპრილში გრძელცხვირა ღამურა გახდა ღამურათა შორის პირველი, რომელიც საფრთხეში მყოფი სახეობების სიიდან ამოშალეს. ამ სახეობის რაოდენობა ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებათა მეშვეობით რამდენიმე ათასიდან 200,000-მდე გაიზარდა. 2017 წლის ივნისში იელოუსტოუნის პარკის გრიზლი დათვები ამოშალეს საფრთხეში მყოფი სახეობების სიიდან. ჯერ კიდევ 2014 წელს კი ამერიკული ხის ყარყატი გადაურჩა გადაშენებას. ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების აქტი ნამდვილად მუშაობს.

49. 2019 წელი, ასი ათასობით ჰექტარი მიწის დაცვა

მარტში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც 800 ათას ჰექტარ მიწაზე მეტს აცხადებდა დაცულ ტერიტორიად. კანონი აშშ-ის უმრავლეს შტატს შეეხო. ასევე, დაიგეგმა ახალი საზღვაო ნაკრძალების მშენებლობა მისისიპისა და კენტუკის შტატებში; გაიზარდა მიწისა და წყლის დაცვის ფონდი, რომელიც ოფშორული ნავთობისა და გაზის მოპოვებით მიღებული შემოსავლით მთელი ქვეყნის გარშემო აფინანსებს კონსერვაციის პროგრამებს.

50. 2020 წელი, გარემოს დაცვაზე მომართული ახალგაზრდული მოძრაობის გაძლიერება

გარემოს გადასარჩენ აქტივობებში ისეთი შეუპოვარი ახალგაზრდა აქტივისტების ჩართვის შედეგად, როგორიცაა შვედი მოზარდი, გრეტა თუნბერგი, მოძრაობას მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო რაოდენობის მიმდევრები გამოუჩნდა. გასული წლის სექტემბერს 160 ქვეყანაზე მეტში მილიონობით ახალგაზრდა გამოვიდა ქუჩებში გლობალური გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაუმჯობესების მოთხოვნით. ეს ტენდენცია ექსპერტებს იმის იმედს აძლევს, რომ მომავალ რამდენიმე წელიწადში კლიმატის დაცვის კუთხით საკანონმდებლო დონეზე ვიხილავთ მნიშვნელოვან გარდატეხებს.