დღეს, 4 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე რუსეთს ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდეს. ამასთან, განსახილველი საკითხის ფარგლებში-ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. მასში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც ამ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის მქონე და ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფომ, უნდა:

  • უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება.
  • შექმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და საკუთრების უფლების დასაცავად.
  • მოხსნას ნებისმიერი სახის დაბრკოლება ან შეზღუდვა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად და თავიდან აიცილოს პირთა უკანონო დაკავება.
  • დაიცვას ამ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები დისკრიმინაციული მოპყრობისაგან.
  • გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევები ამ ტერიტორიებზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივებს აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურების შესახებ.

კომიტეტი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს მოქმედი ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს ხელისუფლების ფაქტობრივი კონტროლის მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე. ასევე შეაჩეროს და გააუქმოს აღნიშნული პროცესი და დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და მის 2008 წლის 8 სექტემბრის საიმპლემენტაციო ღონისძიებებს.