პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარს გადარჩენილი ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები და ისტორიული ძეგლები ნაგებობიდან გამოიტანეს.

პარიზის მერმა ანა იდალგომ ტვიტერზე მათი გადატანის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. მასში ჩანს, რომ მუშებს ფრთხილად გადააქვთ ისინი დაცულ ადგილას. ნამუშევრების ტრანსპორტირების პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება.

გადარჩენილ ნივთებს შორისაა ეკლის გვირგვინი, რომელიც კათოლიკეებს შორის გავრცელებული მოსაზრებით სწორედ ისაა, რომელიც ქრისტეს წამებისას დაახურეს.

ფოტო: PHILIPPE LOPEZ / Getty Images

ტაძარში არსებული ღირსშესანიშნაობების ნაწილი ლუვრის მუზეუმში, ნაწილი კი პარიზის ქალაქის მერიაში, ოტელ დე-ვილში განთავსდება.

ფოტო: Christophe Ena / AP

მეხანძრეებმა ხანძრის დროს კიდევ სხვა უამრავი ნამუშევარი გადაარჩინეს. მათი ფოტო პარიზის მერმა გამოაქვეყნა და მეხანძრეებს მადლობა გადაუხადა.

დაუზიანებელია ტუნიკა, რომელიც წმინდანად შერაცხილ მეფე ლუის მეცხრეს ეცვა.

ტაძრის ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში მდებარე ზარები. მათ შორის უდიდესი, ემანუელი, სამრეკლოზე 1685 წელს აღმართეს და მისი წონა 23 ტონას აღემატება.

ფოტო: AF

1700-იანი წლების დიდებული ორღანი, რომელსაც თითქმის 8 000 ხმოვანი სტვირი აქვს და სრულად 2013 წელს აღდგა, ხანძარს გადაურჩა.

მე-13 საუკუნის ეკლესიის სამი ფერადი მინის ფანჯარა, რომელიც გოთიკური მიმდინარეობის ბრწყინვალე ნიმუშად ითვლება, ხანძრის შემდეგ გავრცელებულ სურათებში გამოჩნდა. არსებობს იმედი, რომ სამივე მათგანი გადარჩენილია.

ფოტო: AFP

სარესტავრაციოდ გამზადებული თორმეტი მოციქულისა და ოთხი ევანგელისტის ქანდაკება. ისინი ნოტრ-დამის სახურავიდან ხანძრამდე ერთი კვირით ადრე ჩამოიტანეს. ეს ბოლო ას წელში პირველი შემთხვევა იყო, როცა ქანდაკებებმა ნაგებობის სახურავი დატოვეს.

ფოტო: GEORGES GOBET / Getty Images

გადარჩენილ არქეტიპებს შორისაა პარიზელი ქალწული — 1,8 მეტრის სიმაღლის ქანდაკება, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება.

ფოტო: AP

ვეება ნახატები, მათ შორის სერია Mays of Notre Dame ცეცხლს გადაურჩა, თუმცა მისი დიდი ნაწილი კვამლმა დააზიანა. მათ ლუვრის მუზეუმში გადაიტანენ და სრულად აღადგენენ.

ფოტო: Targetti

ნაწილობრივ დაზიანებულია ქვის გორგულიები, რომლებიც ჰიუგოს ნაწარმოების გმირის, კვაზიმოდოს გარემოცვაში ხშირად იყვნენ.

ფოტო: Michael McCarthy

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა. პროკურატურის განცხადებით, მისი მიზეზი შემთხვევითობაა. ცეცხლის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.

"ნოტრ-დამს 5 წელში აღვადგენთ და ის კიდევ უფრო მშვენიერი იქნება", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.