საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის გამო რომის პაპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს თანაგრძნობას უცხადებს.

"გამოვთქვამთ გულისტკივილს და თანაგრძნობას გუშინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის გამო. მეტად დიდია ეს განსაცდელი, მაგრამ ვიმედოვნებთ, ყოველივე მალე აღდგება და განახლდება. შევთხოვთ ღმერთს, ყველა ადამიანშიც განახლდეს და აღდგეს რწმენა, სასოება და სიყვარული", — წერს ილია მეორე რომის პაპს.

"მთელი მსოფლიო შეშფოთების ადევნებდა თვალს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ მომხდარ ხანძარს, რომელმაც არა მარტო ამ ქალაქისა და საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის შუა საუკუნეების მშვენება ასე უმოწყალოდ დააზიანა. დიდია ჩვენი გულისტკივილიც და გვინდა თანაგრძნობა გამოვუცხადოთ ფრანგ ხალხს, საფრანგეთის ხელისუფლებას, კარდინალსა და სასულიერო დასს. ვწუხვართ, ძალიან ვწუხვართ", — მიმართავს პატრიარქი საფრანგეთის პრეზიდენტს.

გუშინ, 15 აპრილს საფრანგეთში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. პარიზის პროკურატურაში გამოძიების წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ტაძარში ცეცხლი შემთხვევით გაჩნდა.

მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი რელიკვიებს არ შეხებია.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ცნობილი, როგორც ნოტრ-დამი — გოტიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია. პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.

ამავე თემაზე: