სელმა ჰაიეკის ქმარმა, ფრანსუა ანრი პინომ დამწვარი ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონი ევრო [113 მილიონ დოლარზე მეტი] გამოყო.

პინო ამ დროისთვის კომპანია Kering-ის აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორიცაა გუჩი, ალექსანდრ მაკქუინი, ბალენსიაგა, ივ სენ ლორანი და სხვა.

მან განცხადება ფრანგული გაზეთის, Le Figaro-ს საშუალებით გაავრცელა:

"მე და მამაჩემმა გადავწყვიტეთ, რომ გამოვყოთ 100 მილიონი ევრო საოჯახო კომპანიიდან, რათა ნოტრ-დამის სრულ რეკონსტრუქციაში ჩვენი წილი შევიტანოთ".

ისტორიული ნაგებობის აღსადგენად ფრანსუა ანრი პინოს დონაცია ჯერჯერობით პირველი უდიდესია. ზარალის დათვლის შემდეგ, გრანტს გამოყოფს ევროკომისიაც.

პინოს მამა 82 წლის ბიზნესმენია და მისი ქონება ბლუმბერგის მილიარდელების ინდექსის მიხედვით ამ დროისთვის 37,3 მილიარდი დოლარია.

"შოკირებული და დამწუხრებული ვარ, მიყვარხარ პარიზო", — დაწერა სელმა ჰაიეკმა ინსტაგრამზე.

ოსკარის ნომინანტ მსახიობსა და მის ქმარს ნოტრ-დამთან ახლოს სახლი აქვთ. მათ პარიზში 2009 წლის 14 თებერვალს იქორწინეს.

გუშინ, 15 აპრილს საფრანგეთში, ნოტრ-დამში ხანძარი გაჩნდა. პარიზის პროკურატურაში გამოძიების წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ტაძარში ცეცხლი შემთხვევით გაჩნდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ღირსშესანიშნაობის აღსადგენად საჭირო თანხის შეგროვების მიზნით საერთაშორისო კამპანია დააანონსა.

ამავე თემაზე: