რუსთავის ჭყონდიდელის დასახლებაში მოსახლეობა ციხის მშენებლობას აპროტესტებს. გვიან ღამით, ადგილზე ახალგაზრდების ჯგუფმა პროტესტის ნიშნად კარვები გაშალა. კარვების მახლობლად პერიოდულად პატრულირებენ პოლიციის ეკიპაჟები.

ჭყონდიდის დასახლების მაცხოვრებლები მოითხოვენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება სხვაგან აშენდეს. მათ იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან შეხვედრაც სურთ.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ულტიმატუმის ენას ვერ მიიღებს, თუმცა კონსულტაციებისთვის მზად არის.

"ეს მიწა ყოფილ სასჯელაღსრულებით სამინისტროს ციხეების მშენებლობისთვის გადაეცა 2018 წლის აპრილში, სანამ ეს უწყება იუსტიციის სამინისტროს ნაწილი გახდებოდა. თუ კომუნიკაცია იმ პერიოდში ჩვენს მოსახლეობას დააკლდა, ეს უნდა გამოვასწოროთ",— განაცხადა თეა წულუკიანმა.

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებასთან ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია 9 აპრილსაც გაიმართა. ადგილობრივების თქმით, ახალი ციხის ღობე დასახლებულ პუნქტთან ძალიან ახლოსაა, რაც უსაფრთხოების კუთხით პრობლემებს ქმნის. ასევე, ისინი ვარაუდობენ, რომ ციხის მშენებლობით დასახლებას განვითარების პერსპექტივა დაეკარგება.