პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა. აღნიშნული ინფორმაცია ნოტრ-დამის პრესმდივანმა ანდრე ფინომ გაავრცელა.

მისივე ცნობით, რელიკვიები საეკლესიო საცავებში ინახება და მათ არაფერი ემუქრებათ.

მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, მოახერხეს ხანძრის ინტენსიურობის შემცირება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძრის ქრობის პროცესში ერთი მეხანძრე დაშავდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ცნობით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ლიკვიდაციისთვის კიდევ სამი-ოთხი საათია საჭირო. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მთელი ძალისხმევა ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთის კოშკის გადარჩენისკენაა მიმართული.

ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიკვიებს არ შეხებია.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს უკვე სამ საათზე მეტი დროა ასობით მეხანძრე-მაშველი აქრობს. ამავე სამსახურების განმარტებით, ქრობის პროცესში ვერტმფრენებს ვერ გამოიყენებდნენ, რადგან საჰაერო ჭავლი სრული კონსტრუქციის ჩამოშლას გამოიწვევდა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ცნობილი, როგორც ნოტრ-დამი — გოტიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია. ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება