საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უარესმა ჩაიარა და ისინი ერთად აღადგენენ ნოტრ დამის ტაძარს. მან აღსადგენად საჭირო თანხის შეგროვების მიზნით საერთაშორისო კამპანია დააანონსა.

"რაც ამ საღამოს მოხდა, ცალსახად საშინელი დრამაა. მეხანძრეებმა გამოიჩინეს სიმამაცე, პროფესიონალიზმი და თავდადება. მადლობას ვუთდი მათ მთელი საფრანგეთის სახელით. ეს ჩვენი ისტორიაა და ის იწვის", — განაცხადა მაკრონმა.

გამოძიების წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნოტრ დამის ტაძარში ცეცხლი შემთხვევით გაჩნდა.

მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო როიტერმა გაავრცელა. ამასთან, მეხანძრეებმა მოახერხეს ხანძრის ინტენსიურობის შემცირება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძრის ქრობის პროცესში ერთი მეხანძრე დაშავდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ცნობით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ლიკვიდაციისთვის კიდევ სამი-ოთხი საათია საჭირო. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მთელი ძალისხმევა ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთის კოშკის გადარჩენისკენაა მიმართული.

ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს უკვე სამ საათზე მეტი დროა ასობით მეხანძრე-მაშველი აქრობს. ამავე სამსახურების განმარტებით, ქრობის პროცესში ვერტმფრენებს ვერ გამოიყენებდნენ, რადგან საჰაერო ჭავლი სრული კონსტრუქციის ჩამოშლას გამოიწვევდა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ცნობილი, როგორც ნოტრ-დამი — გოტიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია/ პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.