იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მზარი უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის შესახებ კანონპროექტს. საკითხის განხილვა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. განხილვას, უმრავლესობასთან ერთად ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანრი ოხანაშვილის გაცხადებით კანონპროექტს მხარი დაუჭირეს იმ პირობით, რომ განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით პლენარულ სხდომამდე გაგრძელდება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ხვალ, 16 აპრილს გამოქვეყნდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2 საათის განმავლობაში კამათობდნენ უზენაესის მოსამართლეთა კანონპროექტის განხილვის გადადებაზე. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ქართულ ოცნებას პირობის დარღვევაში ადანაშაულებდა და მოუწოდებდა მეორე მოსმენა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ გაემართა. ქართული ოცნების დეპუტატების თქმით, კომისიის დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება და ისინი ყველა შენიშვნას პლენარულ სხდომაზე გაითვალისწინებენ. საბოლოოდ, დღის წესრიგს უყარეს კენჭი და გადაწყდა, რომ მოსამართლეების შესახებ კანონპროექტს მაინც დღეს განიხილავენ.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში წერია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვს ჩაბარებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა. კანდიდატები ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. კონკურსანტებს აარჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრების 2/3-ის თანხმობით, ანუ 15-დან 10 ხმით. საბოლოოდ, პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც წარდგენილ კანდიდატებს მოუსმენენ და მის წარსულ საქმიანობასაც შეისწავლიან.

ამავე თემაზე: