პარტია თავისუფალმა საქართველომ ზესტაფონში მერობის კანდიდატად გოგი წულაია წარადგინა. წულაიას წარდგენას პარლამენტარი დავით ჭიჭინაძეც ესწრებოდა.

გოგი წულაიას თქმით, ის თვითმმართველობის რეალური განვითარებისთვისა და პრობლემების გადაწყვეტისთვის იბრძოლებს.

"მე ვიქნები ის ადამიანი ამ ზესტაფონელებისთვის, რომელიც თბილისში მინისტრს ეტყვის, რომ პატარა შენ ვერა ხარ შენს მატორზე, ეს ასე არაა ძმაო. ტრაგიზმია და უზნეობაა, რომ ფეროშენადნობის ქარხანას ბიუჯეტში კაი ხელა თანხა მიაქვს და ცენტრალური ბიუჯეტი ზესტაფონის ბიუჯეტს ექვს მილიონს აძლევს", — განუცხადა წულაიამ On.ge-ს.

როგორც მან თქვა, რიგგარეშე არჩევნებში მას ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ეროვნულ პატრიოტული მოძრაობა უჭერენ მხარს.

19 მაისს 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამავე დღეს გაიმართება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები.

საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება. მერის არჩევნები კი მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.