ე.წ. ქუჩური გარჩევების კრიმინალიზებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, პროექტის მიღება განპირობებულია დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრებების (ე.წ. ქუჩური გარჩევების) ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის სიხშირით.

"ქმედების სისხლის სამართლის წესით დასჯის და სახელმწიფოს მიერ მკაცრი პოლიტიკის გატარების პირობებში, შესაძლებელი გახდება, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების განმახორციელებელი სახელმწიფო ინსტიტუტების გვერდის ავლით დავის გადაწყვეტის თავიდან აცილება, ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებულთა დაცვა და იმ მძიმე შედეგების პრევენცია, რომლებიც დასახელებულ ქმედებებს შეიძლება მოჰყვეს", — ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროქტის თანახმად, 2261 მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი გახდება წინასწარი შეცნობით დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა, იძულება ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა ან წინასწარი შეცნობით ამ ნაწილით გათვალისწინებულ შეკრებაში პასიური მონაწილეობა, რაც ქმნის შეკრებისას ძალადობის, იძულების ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და რეალურ საფრთხეს.

აღნიშნული დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 140 ან შინაპატიმრობით ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2261 მუხლის მეორე ნაწილით დასჯადი გახდება დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით იმგვარი შეკრების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა, იძულება ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 140-დან 240 საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, ასევე არაერთგზის ჩადენა. დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ასევე სრულწლოვნის მიერ არასრულწლოვნის დაყოლიება დავის უკანონო გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობაზე.