მმართველმა პარტიამ მარნეულის მერობის კანდიდატად ზაურ დარგალი ოფიციალურად წარადგინა. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა დაპირება გასცა, რომ მარნეულის რაიონში სოფლის მეურნეობის პროექტებს განახორციელებენ და გაასამმაგებენ იმ მოგებას, რომელიც ამჯერად არის. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ 19 მაისს ზაურ დარგალი მიიღებს მარნეულელების მხარდაჭერას და ამით "მარნეული გაიმარჯვებს".

ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში ცხრაწლიან რეჟიმზე, ივანიშვილის მიერ მათ დამარცხებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "უსუსურ ოპონენტებს" გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

"ზაურ დარგალი არის საამაყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეძლოს ახალგაზრდა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ციხელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დარგალი მის უწყებაში მუშაობა და კარგად იცის, რომ ქალაქის და თავისი ხალხის ქომაგია.

"მარნეული არის ჩვენი საერთო სახლი, ჩვენი ოჯახი და მე როგორც ამ ოჯახის შვილი გპირდებით, რომ ჩვენი საერთო სახლი გახდეს უფრო ძლიერი, ლამაზი და განვითარებული", — დაპირდა მერობის კანდიდატი მოსახლეობას.

მარნეულში არჩევნები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გადადგა. მას დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო წაუყენეს ბრალი. აბაზოვი 13 ივნისს დაკავეს, გადადგომის შესახებ კი 13 თებერვალს განაცხადა.

აბაზოვმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მას პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შუეცვალეს.