აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ქართული ოცნების კვოტით არჩეული წევრი, გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც ერთ-ერთია, ვინც ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს მოითხოვს, ნათია კაპანაძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ერთპიროვნულ მმართველს ადარებს. გიგა ჩხარტიშვილი ნათია კაპანაძის დისკრედიტაციის მიზნით აცხადებს, რომ "აქამდე თუ ასლან აბაშიძე იყო გარეთ, ახლა გვყავს ტელევიზიაში". ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა.

"ჩვეულებრივი რეჟიმია დამყარებული. დირექტორი უკრძალავს თანამშრომლებს მრჩეველთა საბჭოს წევრებთან კომუნიკაციას. ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური სტანდარტი", — ამბობს ჩხარტიშვილი.

ასლან აბაშიძის წინააღმდეგ 2005 წლის დეკემბერში პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და იგი ძებნაში გამოაცხადა. მას ტერორიზმში, კორუფციაში და განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. 2007 წლის 22 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასლან აბაშიძეს დაუსწრებლად მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნა

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა. მათ შორისაა ირაკლი დარცმელიძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კვოტით არის წარდგენილი და გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც ქართული ოცნების კვოტითაა საბჭოში.

საბჭოს თავმჯდომარემ ნატა იმედაიშვილმა On.ge-ს უთხრა, საბჭოს წევრებს პრეტენზიები აქვთ პრიორიტეტების შეუსრულებლობაზე, ხელფასების პრობლემასა და თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებაზე. მისი თქმით, დოკუმენტს არ გაცნობია და პოზიციას ვერ დააფიქსირებს, თუმცა კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არსებული პრობლემების განხილვისას თავადაც იგივე საკითხებს ასახელებს.

კაპანაძის იმპიჩმენტისთვის გადამწყვეტი იმედაიშვილის ხმაა, რადგან საბჭოს სხვა წევრები ამბობენ, რომ დირექტორის წინააღმდეგ ხმის მიცემას არ აპირებენ.

თავად კაპანაძემ განაცხადა, რომ საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობას და მაუწყებლის გამართულ მუშაობას. სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეზე საუბრობს აჭარის ტელევიზიაც. მაუწყებლის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე პროცესები უპირისპირდება სარედაქციო დამოუკიდებლობას და მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას.

კაპანაძის იმპიჩმენტის ინიაციტივად არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ. ნათია კაპანაძეს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმაც.

ამავე თემაზე: