გადაცემაში შეხვედრები რეგიონულ მედიასთან, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს მედია ტოტალურად კონტროლდებოდა ხელისუფლებისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ. მისი თქმით, მაესტრო და კავკასია იმ დროისთვის ფსევდოოპოზიციური ტელევიზიები იყვნენ:

"მაშინ 2 ფსევდოტელევიზია დავასახელე და ძალიან აგრესიული განცხადებები გააკეთეს კავკასიამაც და მაესტრომაც. მაესტრომ, საბოლოო ჯამში, მოახერხა თავის დახსნა და კავკასიას, დღევანდელი პოზიციიდანაც თუ შევხედავთ, აღარც კეკლუცობს, უფრო აფორმებს იმ ჩემს ძველ შენიშვნებს რაცაა და ღმერთმა მოახმაროს".

მან განაცხადა, რომ აღნიშნული 2 ტელევიზია უცხოეთს აჩვენებდა, რომ საქართველოში არსებობდა მედია, რომელიც ოპონირებდა, თუმცა, რეალურად, ეს ასე არ იყო:

"მაგრამ, აბა, გაიხსენეთ, 26 მაისს წინ, როგორ იქცეოდა მაესტრო. გადააჭარბა იმედსაც და რუსთავი 2-საც, ისე მაგრად დაუდგა".

ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებას დღეს არანაირი მედიასაკუთრება არ გააჩნია და არანაირი ზედმეტი გავლენა მედიაზე არ აქვს:

"ერთადერთი მედია, რომელიც საკუთარი არის, ეს გახლავთ, დასაკუთრებული, კორპორაციული მედია ჰყავს ისევ ნაციონალურ მოძრაობას. არა მხოლოდ რუსთავი 2, ტაბულაც და სხვებიც არიან იქ. შედარებით რბილია ტაბულა, რუსთავი 2 აბსოლუტურად აგრესიულად აგიტაციას ეწევა ნაციონალური მოძრაობის".

შეხვედრები რეგიონულ მედიასთან - ასე ჰქვია ტელეკომპანია GDS-ის ახალ საარჩევნო პროექტს, რომელშიც ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს. გადაცემას 20:30-ის ჟურნალისტები ნათია თოიძე და მიხეილ ფეიქრიშვილი უძღვებიან.