ბანკი ქართუს დირექტორატმა წინასაარჩევნოდ ქართულ ოცნებას 220 000 ლარი შეწირა. აღნიშნული ინფორმაცია აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

  • ნატო ხაინდრავა, გენერალური დირექტორი — 50 000 ლარი;
  • ზურაბ გოგუა, კომერციული დირექტორი — 45 000 ლარი;
  • გივი ლებანიძე, ფინანსური დირექტორი — 45 000 ლარი;
  • დავით გალუაშვილი, ოპერაციების დირექტორი — 40 000 ლარი;
  • ბექა კვარაცხელია, რისკების დირექტორი — 40 000 ლარი.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ბანკის დირექტორატის წევრები მმართველ გუნდს ფულს ურიცხავენ. გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ 2012 წლის შემდეგ ქართულ ოცნებას 182 600 ლარი გადაურიცხა. სოლიდური თანხა აქვს შეწირული კომერციულ დირექტორს, ზურაბ გოგუაძეს — 73 000 ლარი. ოპერაციების დირექტორს, დავით გალუაშვილს მმართველი გუნდისთვის 120 429 ლარი აქვს შეწირული, ხოლო რისკების დირექტორს, ბექა კვარაცხელიას — 74 600 ლარი.

საპრეზიდენტო არჩევნების დროს დირექტორატის წევრებმა ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში 130 000 ლარი გადაურიცხეს.

19 მაისს მთაწმინდის ოლქში შუალედური მაჟორიტარული არჩევნები ჩატარდება. ამავე დღეს რვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.

საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება. მერის რიგგარეშე არჩევნები კი მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში გაიმართება.