აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ორმა წევრმა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი მოითხოვა. საბჭოს კიდევ ორი წევრი კოლეგების აზრს არ ეთანხმება. მრჩეველთა საბჭოში სულ 5 წევრია, შესაბამისად, გადამწყვეტი ხმა საბჭოს დირექტორის ნატა იმედაიშვილის იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით ნატა იმედაშვილს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მისი აზრით განცხადებების შემომტანების და დირექტორის პოზიციების მოსმენაა საჭირო, მათ თავიანთი არგუმენტები უნდა წარმოადგინონ. სხდომა საჯარო იქნება.

საბჭოს წევრი ბეჟან გობაძე ამბობს, რომ თუ ტვინი არ გადაუბრუნდა, იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. მისი აზრით, ბორდის ორი წევრს შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული ინტერესები, თუმცა იმპიჩმენტისთვის არანაირი ფაქტი არ არსებობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს კიდევ ერთი წევრი გიორგი ირემაძე მისი კოლეგების პოზიციას სრულად არ იზიარებს, თუმცა კითხვები და შენიშვნები აქვს.

"ჩემი პოზიცია არის შემდეგი, პირველ ეტაპზე უნდა დავიცვათ კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, და ამავდროულად მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ შევინარჩუნოთ დელიკატურობა და კორექტულობა. ეს არის ჩემი პრინციპული მიდგომა ამ თემის მიმართ. საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ მას შემდეგ, როდესაც თემა იქნება უფრო კონკრეტული. ჩემი კოლეგების არგუმენტები ჩემთვის ცნობილია და პირდაპირ გეუბნებით, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მეტად რომ დაინტერესებულიყო მენეჯმენტთან დაკავშირებული პრეტენზიებით, ამ ამბებთან დაკავშირებით მეტი გეცოდინებოდათ", — თქვა გიორგი ირემაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 5-წლიანი მუშაობის განმავლობაში პირველად, მენეჯმენტის მიერ შემოთავაზებული ბიუჯეტის პროექტი საბჭომ ორჯერ ჩააგდო. საბოლოოდ კი საბჭომ თვითონ შეიტანა კორექტირება ბიუჯეტში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის ორმა წევრმა ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი მოითხოვა.