გაერთიანებული ოპოზიციის აჭარის ადგილობრივ წარმომადგენლობას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი ბორდის წევრებს ხელისუფლებამ დაავალა. განცხადება On.ge-ს ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურმა მიაწოდა.

ნათია კაპანაძის მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის პოზიტიურად შესაფასებლად პარტიამ ეუთოს/OSCE-ს დასკვნაც გაიხსენა.

"როგორც ჩანს ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და გადაწყვიტა ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა, ამ გეგმის ნაწილია ტელევიზიის დირექტორის გადაყენება",— აღნიშნავენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელები.

მათი მოწოდებაა:

  • აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს არ მისცეს საშუალება ხელისუფლებას ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევისა;
  • არასამთავრობო ორგანიზაციებს მოახდინონ ტელევიზიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მონიტორინგი და შეფასება;
  • საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებითა და ქვეყანაში მედიათავისუფლებაზე ხელისუფლების მიერ დაწყებული მორიგი შეტევით.

საერთო განცხადებას უერთდებიან:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გია აბულაძე;
  • ევროპული საქართველო — პეტრე ზამბახიძე;
  • რესპუბლიკური პარტია — ირაკლი ჩავლეიშვილი;
  • ახალი საქართველო — ბექა დიასამიძე;
  • ემსახურე საქართველოს — მედეა ვასაძე.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნა

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა. მათ შორისაა ირაკლი დარცმელიძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კვოტით არის წარდგენილი და გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც ქართული ოცნების კვოტითაა საბჭოში.

საბჭოს თავმჯდომარემ ნატა იმედაიშვილმა On.ge-ს უთხრა, საბჭოს წევრებს პრეტენზიები აქვთ პრიორიტეტების შეუსრულებლობაზე, ხელფასების პრობლემასა და თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებაზე. მისი თქმით, დოკუმენტს არ გაცნობია და პოზიციას ვერ დააფიქსირებს, თუმცა კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არსებული პრობლემების განხილვისას თავადაც იგივე საკითხებს ასახელებს.

კაპანაძის იმპიჩმენტის ინიაციტივად არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ. ნათია კაპანაძეს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმაც.

ამავე თემაზე: