მშობლების უმრავლესობას ერთნაირი რეაქცია აქვს, როცა იგებს, რომ მისი თინეიჯერი შვილი შეყვარებულია: დაბნეულობა, რომელსაც მალევე მოჰყვება შიში.

ძალიან რთულია ასეთ დროს პანიკაში არ ჩავარდე: სად დადის ხოლმე? რას აპირებს? ვინ უყვარს? სანამ წესების გამკაცრებას დაიწყებდეთ და ეცდებოდეთ, მართვის სადავეები ხელში აიღოთ, უბრალოდ გაიხსენეთ, თქვენ როგორი იყავით თინეიჯერობაში?

ხშირად მშობლებმა არ იციან, როგორ უნდა მიუდგნენ შვილს, როდესაც ის სრულიად იცვლება, რადგან შეყვარებულია და გადამეტებული ნერვიულობის ნიადაგზე, ხშირად, სავალალო შეცდომებსაც უშვებენ. სიტუაციის ზედმიწევნით გასაკონტროლებლად ისინი წითელ ხაზებს ჰკვეთენ და უხეშად ერევიან შვილის სასიყვარულო ურთიერთობაში, რაც მოზარდებში მშობლის მიმართ არამეგობრულ, მტრულ დამოკიდებულებას აჩენს.

ხვდებით, რომ თქვენი შვილი შეყვარებულია და მისთვის მხოლოდ საუკეთესო გემეტებათ?! მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა, რადგან ამ სრულიად ლეგიტიმური მიზნის მიღწევაში, ეს რჩევები ნამდვილად გამოგადგებათ:

1. მოუსმინეთ

ფოტო: RaDesign

როგორც წესი, მშობელი შვილის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლის გაგებისთანავე, საკუთარ ეგოიზმს ავლენს. იწყება დეტალური რკვევის პროცესი, თუ ვინ არის ბავშვის რჩეული, ვისი შვილია, მშობლები სად მუშაობენ და ა.შ. რაც მსუბუქად რომ ვთქვათ, არასწორია.

უმჯობესია, რომ თავიდანვე თქვენი შვილის ემოციებზე, შთაბეჭდილებებსა და რაც მთავარია, ბედნიერებაზე კონცენტრირდეთ. მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნების შემთხვევაში, გარანტირებული იქნება, რომ მომავალში არც ერთ მნიშვნელოვან სიახლეს არ გამოტოვებთ.

2. მიეცით მეტი დრო

ფოტო: Marco Goran Romano

მართალია, როდესაც იგებ, რომ შენი შვილი შეყვარებულია, რთულია გულხელდაკრეფილი იჯდე და ცნობისმოყვარეობას სძლიო, თუმცა, ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ადამიანებს პირადი სივრცე სჭირდებათ, მათ შორის თქვენს შვილსაც.

კარგი იქნება, თუ მეტ დროს მისცემთ, რათა გაერკვეს საკუთარ გრძნობებში და შემდეგ უკვე სურვილიც გაუჩნდება, რომ თავისი რჩეული გაგაცნოთ.

3. არ გააკრიტიკოთ

ფოტო: Crashtor

გახსოვდეთ, რომ რაც უფრო კრიტიკულია მშობელი, მით უფრო მეტია წინააღმდეგობა მოზარდის მხრიდან და საბოლოოდ შეიძლება არასასიამოვნო შედეგამდე მიხვიდეთ. ზედმეტი კრიტიკა იწვევს უნდობლობას მშობლის მიმართ და ეს თქვენს სამომავლო ურთიერთობაზეც ცუდად აისახება.

4. ესაუბრეთ პირად მაგალითებზე

ფოტო: Alex Chantré

პირადი საუბრები ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია. ესაუბრეთ გრძნობებზე, აუხსენით, რომ სიყვარული საუკეთესო რამ არის, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს. ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ საუბარი ტაბუებისა და აკრძალული თემების გარეშე უნდა შედგეს. მსუბუქად შეგიძლიათ ახსენოთ ისიც, რომ გრძნობა ზოგჯერ ცალმხრივიც შეიძლება იყოს და რომ ზოგჯერ სასიყვარულო ურთიერთობები სრულდება. აუხსენით, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი, ეს კი სამყაროს დასასრული არ არის. პირიქით, დასასრული ზოგჯერ სრულიად ახალი და უკეთესის დასაწყისია.

5. არ მოგერიდოთ სექსუალურ ურთიერთობებზე საუბარი

ფოტო: Neda Ivanova

ხანდახან თინეიჯერობის ასაკში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა შეცდომებითაა სავსე. სწორედ ასეთი და არა მხოლოდ ასეთი პრობლემების თავიდან ასარიდებლად, როგორიც არის იმედგაცრუება, გაუთვალისწინებელი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ა.შ. სჯობს, რომ ტაბუ მოხსნათ ყველაფერს და შვილს მეტი ესაუბროთ ამ თემაზე. აუხსენით, რა არის ჭეშმარიტი სიყვარული და რომ არ არის აუცილებელი სიჩქარე და იმპულსებს აყოლა.