ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, გიგი წერეთელს მიაჩნია, რომ ხელისუფლების ინიციატივა ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნოდ გადადგმული პიარული ნაბიჯია:

"გნებავთ საერთაშორისო თანამეგობრობაზე გათვლილი [ნაბიჯი]. აი, ასეთი კარგია ხელისუფლება და მას სურს მშვიდობა და დანარჩენს ყველას ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. პირიქით, ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, მან არ გააკეთოს ისეთი რამ, რაც გამოიწვევს დაძაბულობას, დესტაბილიზაციას".

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი წევრი, ალექსი პეტრიაშვილი კი ამბობს, რომ მისი პარტია აღნიშნულ დოკუმენტს მხარს უჭერს:

"არ არის ეს ჩვენთვის სირთულე, არ არის ეს ჩვენთვის პრობლემა. ნებისმიერ დოკუმენტს, უბრალოდ ეს არ უნდა იქცეს უბრალოდ ქაღალდად, ჩვენ მხარს დავუჭერთ, მთავარია იყოს პოლიტიკური ნება".

უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, ეკა ბესელია მოუწოდებს სხვა პარტიებს, შეუერთდნენ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის იდეას:

"იდეა არის სწორედ რომ კონტრაქციები არ დაიგეგმოს. არ მოხდეს პროვოკაციებისთვის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერების მოყვანა იქ, სადაც სხვა პოლიტიკური პარტიის ჯგუფის შეკრება მიმდინარეობს. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ თავისუფალ გარემოში ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფალი არჩევანი გააკეთონ".

15 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილმა და ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სუბიექტებს შესთავაზეს, შეუერთდნენ ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმს იმისთვის, რომ არჩევნები კორექტულ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს. მემორანდუმის გაფორმებას დადებითად გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტია, იდეას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმაც.