ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას განცხადებით, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე გენერალურმა პროკურორმაც უარი უთხრა. შენგელიას უფლებამონაცვლედ იმისთვის სურდა ჩართვა, რომ საქმის მასალებზე ქონოდა წვდომა.

"უარის დადგენილებას დღესვე ვასაჩივრებთ სასამართლოში, რადგან არის პარადოქსული და რაც მთავარია ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებას", — წერს შენგელია ფეისბუქგვერდზე.

ბაჩანა შენგელიამ გენერალურ პროკურორს მას შემდეგ მიმართა, რაც პროკურატურისგან უარი მიიღო დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. სტატუსის მოთხოვნის განცხადება მან პირველად 29 მარტს დაწერა.

3 აპრილს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება და განმარტა, რომ შენგელიას სტატუსს ვერ მიანიჭებდნენ. მათი თქმით, სანამ სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ნათესავი დაზარალებულად ცნოს.

როგორც შენგელიამ მაშინ On.ge-ს განუცხადა კანონი არასწორად არის ინტერპრეტირებული და დაზარალებულად ცნობისთვის ბრალის გამოკვეთა საჭირო არ არის.

ია კერზაიას გარდაცვალების საქმე

ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

მანამდე ია კერზაია რუსთავი 2-თან ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა და სკოლა შეამოწმა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო კი თანამდებობიდან დირექტორის გათავისუფლებას აპირებდნენ.

სკოლის დირექტორზე ზეწოლაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიცია. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და აღნიშნა, რომ ამ საქმის პოლიტიზირება მიუღებელია.

ამავე თემაზე: