ბრიუსელში რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეთანხმებას მიაღწიეს —. ბრექსიტი 6 თვით გადავადდა და ახალი დედლაინად 31 ოქტომბერი დაინიშნა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განმარტა, რომ ამ დროის განმავლობაში დიდ ბრიტანეთს აქვს საშუალება საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოს და გასვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინოს ან უარი თქვას ევროკავშირის დატოვებაზე. ტუსკმა ბრიტანელ მეგობრებს მიმართა და მოუწოდა: "გთხოვთ, ეს დრო ტყუილად არ გაფლანგოთ".

თუ დიდი ბრიტანეთი 22 მაისამდე ვერ შეძლებს ბრექსიტის შეთანხმების რატიფიცირებას, მაშინ ევროპარლამენტის არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, რომელსაც სურდა დედლაინი უფრო ადრე, 22 მაისამდე გადაეტანათ, შეთანხმების მიღწევის შემდეგ განაცხადა, რომ ყველანაირად შეეცდებიან ევროკავშირი რაც შეიძლება მალე დატოვონ.

ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს მას შემდეგ მიმართა, რაც დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ბრექსიტის გადავადებას მხარი დაუჭირა. გადამწყვეტი ერთი ხმა აღმოჩნდა. თემთა პალატაში ხმები შემდეგნაირად განაწილდა: 312 მომხრე, 311 წინააღმდეგი.

დაუსრულებელი ბრექსიტი

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა ევროკავშირიდან გასვლა 2016 წლის რეფერენდუმზე დაუჭირეს მხარი. ბრიტანეთი ევროკავშირს 1973 წელს შეუერთდა და გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მას დატოვებს.

თავდაპირველად ბრიტანეთს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა. პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ და ევროკავშირმა გამოსვლის გეგმა შეიმუშავეს, რომელიც პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. გარდა ამისა, პარლამენტი ვერ ჩამოყალიბდა ბრექსიტის ალტერნატიულ გეგმაზე. ალტერნატიულ გეგმებში შედიოდა როგორც ახალი რეფერენდუმის ჩატარება, ისე ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვება.