პრინცი ჰარი და ოპრა უინფრი Apple TV+-სთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტური ფილმების სერიაზე ერთად იმუშავებენ. ინფორმაცია ამის შესახებ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ოფიციალურმა ინსტაგრამ გვერდმა გაავრცელა.

დოკუმენტური ფილმების სერიაზე მუშაობა 2020 წელს დაიწყება და მისი დიდი ნაწილი ჰარის პირად გამოცდილებაზე იქნება აგებული.

როგორც ცნობილია, პრინცს დედის, პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

ანალოგიური პრობლემა ჰქონდა თავად ოპრასაც. ერთ-ერთ ინტერვიუში ის იხსენებს:

"ფილმის სცენარს ვკითხულობდი, უცებ თვალები დავხუჭე და საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მივხვდი რომ ოპრა გაქრა და უკვე ვიღაც სხვა იყო, ვისაც ჩემთვის ტკივილის მოყენება სურდა. მაიძულებდა, რომ სახლში ჩავკეტილიყავი, უარი მეთქვა მეგობრებზე, სამსახურზე, ყველაფერზე რაც მიყვარს".

ამ ეტაპზე სერიალს სახელი არ აქვს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, თითოეული ეპიზოდის ქრონომეტრაჟი 45 წუთზე მეტი იქნება.

პრინცი ჰარი იმედოვნებს, რომ დოკუმენტური სერიალი ადამიანის ბრძოლისუნარიანობის მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს და მათ კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ მარტო არ არიან.

"დიდი პატივია ჩემთვის, რომ თქვენამდე მოვიტანო ის ცოდნა, გამოცდილება და მეცნიერულ კვლევებზე დამყარებული ფაქტები, რაც პირადად გამომიცდია. იმედი მაქვს, როგორც ჩემი, ასევე გლობალური პირადი ისტორიების გაზიარება ბევრ ადამიანს დაეხმარება და შოუ საბოლოო ჯამში პოზიტიური იქნება. ძალიან ამაყი ვარ, რომ ოპრასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მომეცემა", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მარტში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში ეფლმა ახალი სტრიმინგ-სერვისი წარუდგინა მაყურებელს.

Apple TV+ აერთიანებს როგორც სერიალებსა და ფილმებს, ასევე დოკუმენტურ გადაცემებს, სატელევიზიო თოქ-შოუებსა და სხვა ტიპის გასართობ კონტენტს.

სტივენ სპილბერგი, ჯეი ჯეი აბრამსი, რონ ჰოვარდი, ოპრა უინფრი, ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი, ოქტავია სპენსერი, დემიენ შაზელი, სოფია კოპოლა - ამ და არამხოლოდ ამ სახელების გაგონება საკმარისია იმის თამამად სათქმელად, რომ Apple-მა დიდი რევოლუცია დაიწყო.