ტიბეტელების სულიერი ლიდერი დალაი ლამა სასუნთქი გზების ინფექციით ინდოეთის დედაქალაქ დელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის 83 წლის ლამას მდგომარეობა სტაბილურია.

ტიბეტელი სულიერი ლიდერი წარუმატებელი ამბოხის შემდეგ, ტიბეტიდან ინდოეთში 60 წლის წინ გაიქცა. ის მშვიდობის დარგში ნობელის ლაურეატია, თუმცა ბოლო წლებში მსოფლიო მასშტაბით შეხვედრებს აღარ აწყობს.

"ექიმებმა მას სასუნთქი გზების ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს და ამაზე მკურნალობენ. მისი მდგომარეობა სტაბილურია და საავადმყოფოს 2-3 დღეში დატოვებს", - განაცხადა მისმა წარმომადგენელმა.

ჩინეთმა ტიბეტზე კონტროლი 1950 წელს დაიბრუნა. ის დალაი ლამას საშიშ სეპარატისტს უწოდებს. უცნობია ვინ დაიკავებს დალაი ლამას ადგილს მისი სიკვდილის შემდეგ. ჩინეთი აცხადებს, რომ მისი მემკვიდრის დასახელებას აპირებს, თუმცა დალაი ლამას განცხადებით, ტიბეტელები ჩინეთიშ შერჩეულ ლიდერს არ მიიღებენ.

ტიბეტელ ბუდისტებს სწამთ, რომ მათი უხუცესი ლამას სული რეიკარნაციას ბავშვის სხეულში განიცდის.