პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველო ევროსაბჭოს ხაზინაში მადლიერების ნიშნად 500 ათას ევროს შეიტანს. მისივე თქმით, საქართველო ბოლო 20 წელია სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით.

"რაც შეეხება რუსეთის საწევროს გადაუხდელობის საკითხს, მტკიცედ გვწამს, რომ წევრ სახელმწიფოებს არ უნდა შეეძლოთ ევროსაბჭოს სტანდარტების დაწევის ან საერთო ღირებულებების დაკნინების შესაძლებლობა იმისათვის, რომ დაძლეული იქნეს გამოწვევები, მათ შორის ფინანსური კრიზისი. საქართველო მხარს უჭერს არსებული ფინანსური სირთულეების გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა საქართველოს პოზიცია უცვლელია რუსეთის მიერ საწევროს გადაუხდელობასთან დაკავშირებით — ეს არ უნდა გახდეს საპარლამენტო ასამბლეის პროცედურული წესების ან ევროსაბჭოს წესდების ცვლილების გამომწვევი ფაქტორი ან პირობა", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერის სიტყვით გამოსვლამდე საპარლამენტო ასამბლეის დარბაზში ანსამბლმა რუსთავმა ჩაკრულო შეასრულა.

მამუკა ბახტაძე 20-წუთიან სიტყვაში რამდენიმე საკითხ შეეხო, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებს, განათლების რეფორმასა და ოკუპაციას. გამოსვლის შემდეგ პრემიერი 40 წუთის განმავლობაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს.