ტვიტერმა დონალდ ტრამპის ვიდეო წაშალა, მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტს საავტორო უფლებებზე უჩივლეს.

2020 წლის კამპანიის ვიდეო ტრამპის ტვიტერზე სამშაბათს, 9 აპრილს გამოქვეყნდა. მასში ისმოდა კრისტოფერ ნოლანის ბეტმენის სერიებიდან ერთ-ერთი ფილმის, The Dark Knight Rises-ის საუნდტრეკი.

ვიდეოს რამდენიმე საათში მილიონობით ნახვა ჰქონდა, თუმცა წაშლის შემდეგ მასზე მესიჯი გამოჩნდა: "ეს ვიდეო საავტორო უფლებების მქონე პირის მოთხოვნით წაიშალა".

პოსტზე კვლავ რჩება ტრამპის სლოგანი "გავხადოთ ამერიკა ძველებურად დიადი".

როგორც Warner Bros.-ის პრესსამსახურში უცხოურ მედიებს დაუდასტურეს, საავტორო უფლებებზე განაცხადით სწორედ მათ მიმართეს იმ არხებს, სადაც ის განთავსებული იყო.

ვიდეოში გამოყენებული კომპოზიცია ჰანს ციმერს ეკუთვნის და მისი სახელია Why Do We Fall.