"გუნდი თითქმის დაწყნარდა", — ამ სიტყვებით შეაფასა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის, ლევან გოგიჩაიშვილისა და ზვიად კვაჭანტირაძის წასვლა.

მისი თქმით, პროცესები, რომელსაც ის ბოლო თვეებია მართავს, დაფუძნებული იყო ემოციებზე.

"შეიძლება ითქვას, რომ მთელი საპარლამენტო გუნდში იყო გარკვეულ წილად დაბნეულობა, დამჭირდა მრავალჯერადი ხანგრძლივი შეხვედრები უმრავლესობასთან და მემგონი შედეგი მივიღეთ. პრაქტიკულად გამოიკვეთა სამი ადამიანი, რომელიც წავიდა და რომელიც ძირითადად ემოციებით ცდილობდა მთელი გუნდი დაერწმუნებინა რაღაც ფასეულობებში. მოგვიანებით, მეოთხე დაემატა, სოციალისტები არ მყავს მხედველობაში მათ დატოვეს გუნდი და გუნდი თითქმის დაწყნარდა, თუმცა იქ კიდევ არის პატარა პრობლემები, რომლის დალაგებაც გაცილებით იოლია", — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა იმედთან ინტერვიუს დროს.

ის ამბობს, რომ გუნდიდან წასულებს მიზეზი არ ჰქონდათ და "ღია კარის მტვრევით" დატოვეს პარტია.

"ზოგადად, როცა პოლიტიკოსს არ აქვს კარგი საფუძველი, გამოკვეთილი მიზეზი იმისა, რომ საკუთარი გუნდი დატოვოს, პოლიტიკური პერსპექტივის შექმნა ძალიან გაუჭირდებათ, რამეთუ მათ ვერ ჩამოაყალიბეს წასვლის მიზეზი, საბაბადაც ვერ გამოდგება ის მიზეზი, რასაც ისინი ასახელებდნენ", — თქვა ივანიშვილმა.

მისი განცხადებით, მოსამართლეების საკითხზე უმრავლესობაში პოზიციები შეჯერდა და ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ბესელია-გოგიჩაიშვილი-ფოფხაძე ითხოვდნენ. ის ამბობს, რომ მოსამართლეების სიის პარლამენტში წარდგენის შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდა ქართული ოცნების ორ ჯგუფს და ამ საკითხზე ყველაზე მეტად ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი აქტიურობდნენ.

მისი განცხადებით, ფასეულობები პარტიიდან წასულ დეპუტატებს აერიათ და არა ქართულ ოცნებას.

"ყოველთვის ყველა ვაცხადებდით, რომ კონსტიტუციის საწინააღმდეგო არაფერი უნდა შემოვიღოთ, ეს სამეული მუდამ აპელირებდა ისეთი კრიტერიუმებით, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას და რომელსაც თვითონ მისცეს ხმა წლების წინ და ესეც გაუგებარია. მათი პრინციპები იყო მთავარი, სია გაიწვიეს, კრიტერიუმებზე ვმუშაობთ, პარლამენტშიც აღარ დავტოვეთ არანაირი ვიწრო ადგილი", — ამბობს ივანიშვილი.

მისი თქმით, უმრავლესობაში მოილაპარაკეს, რომ თითოეულ გვარზე, პარლამენტში კენჭისყრაზე იმსჯელებდნენ, გამოკვეთავდნენ ოდიოზურ ფიგურებს, უმრავლესობაში კენჭს უყრიდნენ და გადაწყვეტილებას არ შეცვლიდნენ.

"რატომ წავიდნენ გუნდიდან, ვერ დაამტკიცეს. გუნდში მათ მე მივეცი საუბრის საშუალება, სამს ჰქონდა პოზიცია, რომელსაც ვერ ასაბუთებდნენ, დანარჩენები დაწყნარდნენ, რადგან ნახეს, რომ მათი ზედმეტი აქტიურობა არაფერზე იყო დაფუძნებული. მათი მიზეზი საბაბადაც ვერ გამოდგებოდა, რადგან მოსამართლეებთან დაკავშირებით ყველა პოზიცია შეჯერებული იყო. ისინი დაიყვნენ, მოახერხეს და აურიეს ფასეულობები. ვნახოთ როგორი სასამართლოა ის, რასაც განიცდიან და რატომღაც მეექვსე წელიწადს", — განაცხადა ივანიშვილმა.