საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი ჭირაქაძე თანამდებობას ტოვებს. მის მაგივრად აღნიშნულ თანამდებობას ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე დაიკავებს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ბიზნესასოციაციამ ფეისბუქზე გაავრცელა.

ბიზნესასოციაციამ გიორგი ჭირაქაძის განცხადებაც გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ ტოვებს თანამდებობას, თუმცა უწინდებურად აქტიურად აგრძელებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერას.

"მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, როგორც მყარ და გამართულ ინსტიტუტს შეეფერება, შენარჩუნდება მემკვიდრეობითობა და ამდენად, ჩემი გადადგომის შემდეგ, ჩვენი წესდების შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, რომელსაც კარგად იცნობენ ბიზნეს წრეებში და რომელიც ჩვენი ასოციაციის შექმნის პირველივე წუთებიდანვე მაქსიმალურად ჩართული იყო ასოციაციის მშენებლობის საქმეში", — განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

სოსო ფხაკაძე საქართველოს ბიზნესასოციაციის დაარსების დღიდან იკავებდა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. 2011 წელს ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა საერთო ყრილობაზე ასოციაციის პირველ ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს. სოსო ფხაკაძე ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტია.