პოლიტიკური გაერთიანება გირჩი აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურს საარჩევნო დეკლარაციას იმ შემთხვევაში გაუგზავნის, თუ საქართველოს საპატრიარქოს აუდიტს ჩაატარებენ. ამის შესახებ გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პოლიტიკური გაერთიანების ცნობით, 25 მარტს მიიღეს ოფიციალური წერილი აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტისგან და ეცნობათ, რომ 19 მაისს დანიშნულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გირჩი, ისევე როგორც ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტი და პარტია ექვემდებარება შემდეგ რეგულაციებს:

  • საარჩევნოდ უნდა შევქმნათ სპეციალური ფონდი;
  • 3 კვირაში ერთხელ თქვენთან უნდა ვაგზავნოთ ფინანსური ანგარიშები;
  • საარჩევნო პერიოდის ფინანსური ანგარიში უნდა წარმოგიდგინოთ აუდიტორულ დასკვნასთან ერთად;
  • გარდა თქვენთვის წარდგენისა, იგივე ანგარიშები უნდა გამოვაქვეყნოთ 3 კვირაში ერთხელ;
  • ანგარიშები უნდა იყოს თქვენი უწყების მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმების სახით;
  • ტელე, რადიო, საგაზეთო, გარე თუ ინტერნეტ რეკლამა წინასწარი ანგარიშსწორებით უნდა შევისყიდოთ და ამის შესახებ ასევე წინასწარ უნდა გაცნობოთ თქვენ, ასევე თქვეს მიერ შესაბამისად დამტკიცებული ფორმის სახით;
  • და სხვა.

გირჩს მიაჩნია, რომ ე.წ. პოლიტიკური ფინანსების ეფექტური მონიტორინგი ზოგადად არის შეუძლებელი.

"საქართველოში ეს სისტემა შემუშავებულია სპეციალურად ერთი კონკრეტული მიზნისთვის - რომ ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკურმა ძალებმა ვერ შეძლონ ხელისუფლებაში მოსასვლელად საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზება. არასოდეს ამ ქვეყნის ისტორიაში ამ სისტემას არ დაუსჯია რეალურად ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა და თუ ვინმესთვის ოდესმე შეუქმნია რეალური პრობლემა, ეს ყოველთვის იყო ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალები", — ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, მხოლოდ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან, მხოლოდ ფინანსური რესურსის სახით სახელმწიფომ საქართველოს საპატრიარქოს მისცა დაახლოებით მეოთხედი მილიარდი ლარი. აქ არ შედის ათასგვარი უძრავი თუ მოძრავი ქონება რომელიც ასევე გადაეცა ამ ინსტიტუტს სახელმწიფოს მიერ.

განცხადებაში წერია, რომ აქამდე ვერც ერთმა გენერალურმა აუდიტორმა ვერ გაბედა საპატრიარქოში აუდიტის ჩატარება.

"ჩვენი შემოთავაზება გულისხმობს შემდეგს — თუ ჩაატარებთ საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს აუდიტს და საჯაროდ დაგვარწმუნებთ რომ ეს საქმე კეთილსინდისიერად გააკეთეთ, ჩვენ შევასრულებთ სპექტაკლში ერთერთ როლს და გადმოგიგზავნით ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის #2915/21 ბრძანებით დადგენილ ფორმებს", — ნათქვამია გირჩის განცხადებაში.