სამხრეთ აფრიკაში მდებარე კრიუგერის ეროვნულ პარკში შეპარული ბრაკონიერი ცხოველებმა მოკლეს. ამის შესახებ დაღუპულის ოჯახს თანამზრახველმა ბრაკონიერებმა აცნობეს.

ამის შემდეგ დაუკავშირდა ოჯახი სამხრეთ აფრიკის ეროვნულ პარკს.

ძიების შემდეგ, პარკის თანამშრომლებმა ადამიანის თავის ქალა და შარვალი იპოვეს, რის შემდეგაც, ოჯახს მათი წევრის დაღუპვა შეატყობინეს და მწუხარება გამოხატეს.

ბრაკონიერი ნაკრძალში მარტორქაზე სანადიროდ იყო შეპარული. ის სპილოების გუნდმა იმსხვერპლა, რომელმაც მას ზემოდან გადაუარეს. საბოლოოდ კი ის ლომებმა შეჭამეს.

"კრიუგერის ეროვნულ პარკში არალეგალურად შესვლა და მით უმეტეს ფეხით გადაადგილება არაგონივრულია. გარშემო უამრავი საფრთხეა და ეს ინციდენტი ამას კიდევ უფრო აშკარას ხდის", - განაცხადა პარკის აღმასრულებელმა მენეჯერმა.

კრიუგერის პარკში ბრაკონიერები ხშირად იპარებიან მარტორქაზე სანადიროდ. აზიურ ქვეყნებში ცხოველის რქა ძვირად იყიდება. ცოტა ხნის წინ, ჰონგ-კონგის აეროპორტში ბოლო ხუთი წლის მანძილზე მარტორქის უდიდესი რქა გამოააშკარავეს, რომელიც 2,1 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სამხრეთ აფრიკის ნაკრძალში შეპარული ბრაკონიერი ლომებმა იმსხვერპლეს.