განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, პარლამენტი გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტს ხელმეორედ უახლოეს პლენარულ სხდომაზე — 16 აპრილს უყრის კენჭს. ამის შესახებ ჯაში Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

"გპირდებით, რომ 16 აპრილს დამთავრდება კანონის საბოლოო კენჭისყრა. შესაბამისად, საატესტატო გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება და კანონის დონეზე მოხსნილი იქნება დუბლირება საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის", — აღნიშნავს მარიამ ჯაში.

ჯაში განმარტავს, რომ კანონპროექტმა წარმატებით გაიარა ხუთი ეტაპი — სამი საკომიტეტო და ორი პლენარულ სესიაზე განხილვა და კენჭისყრა. მისივე თქმით, პროცედურულად დარჩენილია მხოლოდ ერთი, დასკვნითი კენჭისყრა.

დღეს, 5 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ჩააგდო კანონპროექტი საგამოცდო რეფორმის შესახებ. ამ კანონით სკოლებში გამოსაშვები გამოცდები უნდა გაუქმებულიყო. მოგვიანებით, ქართული ოცნების დეპუტატმა განაცხადა, რომ ხმაურის გამო კანონპროექტის დასახელება ვერ გაიგო და დამატებითი კენჭშისყრის ჩატარება ითხოვა.