მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა და ამაზონის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა და მისმა ცოლმა მაკენზი ბეზოსმა განქორწინების პროცესი დაასრულეს.

მაკენზი ბეზოსს ამაზონის საფონდო ბირჟის აქციების 4% დარჩება, რისი ღირებულებაც $35 მილიარდ დოლარს აღემატება.

ჯეფ და მაკენზი ბეზოსები 1993 წელს დაქორწინდნენ. მათი ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, ჯეფ ბეზოსმა ამაზონი სიეტლში დააარსა. კომპანიის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი სწორედ მაკენზი ბეზოსი იყო, რომელიც პროფესიით ნოველისტია.

Forbes-ის ცნობით, ამაზონის აქციები 48 წლის მაკენზი ბეზოსს მსოფლიოს რიგით მესამე ყველაზე მდიდარ ქალად აქცევს, ხოლო 55 წლის ჯეფ ბეზოსი კვლავ რჩება მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად.

ორივე მხარემ განქორწინების დასრულების შესახებ ტვიტერზე პოზიტიური განცხადებები გამოაქვეყნა.

"მადლიერი ვარ, რომ ჯეფთან განქორწინების პროცესი ერთმანეთის მხარდაჭერის ფონზე დასრულდა. ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას, როგორც მშობლები და მეგობრები. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და სიკეთისთვის.

ვუტოვებ მას Washington Post-ს, Blue Origin-სა და საფონდო ბირჟაზე ამაზონის აქციების 75%-ს. ასევე ხმის მიცემის კონტროლს ჩემს აქციებზე.

აღტაცებული ვარ საკუთარი გეგმებით, მადლიერი ვარ წარსულით და ველი, რა იქნება მომავალში", - დაწერა მაკენზიმ.

"მადლობა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რომლებიც ამ პერიოდში სიყვარულით მამხნევებდნენ. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. განსაკუთრებით ეს მადლიერება მაკენზის ეკუთვნის, რომელიც სიკეთესა და მხარდაჭერას ავლენდა ამ პროცესში. ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას როგორც მეგობრები და მშობლები.

ჩვენი მუშაობის ერთად პროცესში მისი შესაძლებლობები ყველასთვის ღია იყო. ის იყო საოცარი პარტნიორი, მოკავშირე და დედაა. ის სავსეა იდეებითა, გამჭრიახობითა და სიყვარულით, და დარწმუნებული ვარ რომ მისგან მომავალში ბევრ რამეს ვისწავლი", - დაწერა ჯეფ ბეზოსმა.

მაკენზი ბეზოსი წარმატებული მწერალია, რომელსაც ორი წიგნი აქვს დაწერილი, The Testing of Luther Albright და Traps. მისი ლექტორი იყო პულიცერის პრიზის მფლობელი ავტორი ტონი მორისონი. "ის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო ჩემს კლასში, მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო", - ასე იხსენებდა ის მაკენზის.

ბეზოსებმა განქორწინების შესახებ ინფორმაცია იანვარში გაავრცელეს. ჯეფ ბეზოსი ამჯერად Fox News-ის ყოფილ წამყვანს, ლორენ სანჩესს ხვდება.