თავდაცვის სამინისტრო მფრინავ ეკა ქვლივიძის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოდან გამოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს უწყებაში დაუდასტურეს.

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრის შემდეგ ქვლივიძემ განცხადა, რომ საქმიანობას სამოქალაქო ავიაციაში მფრინავი ინსტრუქტორის პოზიციაზე გააგრძელებს.

"მზაობა გამოვხატე, რომ გორში სამხედრო აკადემიაში, როგორც მოწვეული სპეციალისტი, ლექციები ჩავატარო. როგორც კი საშუალება იქნება, თავდაცვის სამინისტროს დავუბრუნდები და აღვდგები, როგორც სამხედრო კადრი", — თქვა ქვლივიძემ შეხვედრის შემდეგ.

ეკა ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა. ქვლივიძემ თქვა, რომ ამ მიზეზით მან სამინისტროსთან კონტრაქტი გაწყვიტა, რის გამოც სასამართლოში უჩივლეს. თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვლივიძეს მსახურების პერიოდში გენდერული დისკრიმინაციის შესახებ წერილობით არ უცნობებია და მას შემდეგ განაცხადა, რაც უწყებამ კონტრაქტის დარღვევისთვის სასამართლოში უჩივლა. უწყების განცხადებით, "უსაფუძვლოდ" კონტრაქტის პირობების დარღვევას ვერ დაუშვებენ.