"საქართველომ უნდა გამოუყენოს ის შანსი, რაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლით ეძლევა და განავითაროს მისი ინტეგრაციისა და შემდგომში ბლოკში გაწევრების პროცესი", — ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა:

"ჩვენ ამ სიტუაციას ვხედავთ იმ განზრახვით, რომ აქედან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ... ლოგიკურია, რომ ქვეყანას, რომელიც სტაბილურად წინ მიდის და სურს ევროპა, ვერ მოეპყრობი იმ ქვეყანაზე ნაკლებად, რომელიც დროდადრო მას შორდება".

პრეზიდენტის თქმით, საქართველო გააგრძელებს ბრექსიტის პროცესისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას, "რათა საჭირო დროს შევაღოთ ევროკავშირის კარი". მისივე განცხადებით, ამავე დროს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს ადვოკატირებას გაუწევს.

"კრიზისის დროსაც კი ევროპა ყოველთვის წინ მიდის... სცენა ცარიელია ჩვენთვის, რათა შევავსოთ იმით, რითაც შეგვიძლია", — თქვა ზურაბიშვილმა.

რა ეტაპზეა ბრექსიტის პროცესი

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა ევროკავშირიდან გასვლა 2016 წლის რეფერენდუმზე დაუჭირეს მხარი. ბრიტანეთი ევროკავშირს 1973 წელს შეუერთდა და გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მას დატოვებს.

თავდაპირველად ბრიტანეთს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა. პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ და ევროკავშირმა გამოსვლის გეგმა შეიმუშავეს, რომელიც პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. გარდა ამისა, პარლამენტი ვერ ჩამოყალიბდა ბრექსიტის ალტერნატიულ გეგმაზე. ალტერნატიულ გეგმებში შედიოდა როგორც ახალი რეფერენდუმის ჩატარება, ისე ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვება. დიდი ბრიტანეთი ახლა ევროკავშირისგან ბრექსიტის გადავადებას ცდილობს.

ამავე თემაზე: ბრექსიტით ევროკავშირში გავლენიან მოკავშირეს დავკარგავთ — ინტერვიუ გიორგი ბადრიძესთან