კიევის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის სახელი დაერქვა. გადაწყვეტილებას მხარი 85 დეპუტატიდან 71-მდა დაუჭირა. საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, რომ ქალაქის ქუჩას სახელი "საზოგადოების მოთხოვნის" გამო გადაარქვეს.

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში 2018 წლის 26 აგვისტოს გარდაიცვალა. 2017 წლის ივლისში, მაკკეინის აგრესიული ფორმის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ექიმებმა მას თავის არეში არსებული სიმსივნური წარმონაქმნები ამოაჭრეს.

ჯონ მაკკეინი ვიეტნამის ომის გმირი იყო. ის ხუთწელიწად-ნახევარი ტყვედ იყო ჩავარდნილი და წამების მსხვერპლი იყო. მიღებული დაზიანებების გამო, მას თავის ზემოთ მკლავების აწევა არ შეეძლო.

მაკკეინი საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერი იყო. 2010 წლის იანვარში სენატორი საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა, იმ თანადგომისთვის, რომელიც მან საქართველოს რუსეთთან ომის დროს აღმოუჩინა. ის არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში და აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში მუდმივად ლობირებდა საქართველოს ინტერესებს.