პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ია კერზაიას საქმის გამოძიებაზე თქვა, რომ სწორი არ იქნება, "წამზომით ხელმძღვანელობა", არამედ მთავრობამ უნდა იხელმძღვანელოს შინაარსით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოამბეში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

პრემიერმა უპასუხა წამყვანის კითხვას ევროპარლამენტარების ერთი ნაწილის მიმართვაზე და აღნიშნა, რომ მათი "რჩევები და მოსაზრებები მთავრობისთვის საინტერესოა". მამუკა ბახტაძის თქმით, მიმდინარე გამოძიება ყველა გარემოების დადგენაზე მუშაობს:

"არ ვფიქრობ, რომ სწორი იქნება, ჩვენ წამზომით ვიხელმძღვანელოთ. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ შინაარსით და დარწმუნებული ვიყოთ მთელი ქართული საზოგადოება, რომ ამ საკითხის ირგვლივ ნებისმიერ კითხვაზე ადეკვატური პასუხი იქნება გაცემული და ჩვენ გვეცოდინება რეალური სურათი, რა მოხდა სინამდვილეში. განათლების მინისტრმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის, უპასუხოს ნებისმიერ კითხვას ამ ან სხვა საკითხთან დაკავშირებით".

3 აპრილს ევროპარლამენტარების ნაწილმა წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და მოუწოდა, სასწრაფოდ და საფუძვლიანად გამოიძიოს ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე, ია კერზაიაზე სავარაუდო პოლიტიკური ზეწოლის საქმე. მამუკა ბახტაძის მისამართით შედგენილ წერილში ნათქვამია, რომ საჭიროა, დაზუსტდეს მის გარდაცვალებამდე შექმნილი გარემოებები.

ია კერზაიას გარდაცვალების საქმე

ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

მანამდე ია კერზაია რუსთავი 2-თან ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა და სკოლა შეამოწმა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო კი თანამდებობიდან დირექტორის გათავისუფლებას აპირებდნენ.

სკოლის დირექტორზე ზეწოლაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიცია. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და აღნიშნა, რომ ამ საქმის პოლიტიზირება მიუღებელია.