აშშ-ში ნატოს საიუბილეო მინისტერიალზე წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შავ ზღვაში საქართველოსა და უკრაინის გაძლიერების პაკეტზე შეთანხმდნენ. მინისტრებმა შეხვედრაზე მოუწოდეს რუსეთს გაიყვანოს გემები აზოვის ზღვიდან.

ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ შეიძლება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება.

"შევათანხმეთ პაკეტები, რომლებიც ჩვენი ცნობიერების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, შავ ზღვაში არსებული ვითარების შესახებ უსაფრთხოების მხრივ. ასევე, შევთანხმდით საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაზე ისეთ არეალებში, როგორიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის წვრთნები, პორტებში გემების ვიზიტები და ინფორმაციის გაცვლა. ასე რომ ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ყოფნას ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში".