დღეს, 4 მარტს პარლამენტის პლენარულ სესიაზე თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის კანონპროექტზე თქვა, რომ მზადაა "კონსოლიდირებული" მსჯელობისთვის.

"მე პრობლემა დავაყენე. მე მივიღე რეაქცია. მაქვს იმის ვაჟკაცობაც, რომ თუ ფიქრობთ რომ ეს არ არის სწორი, კომიტეტზე ვიმსჯელოთ. შეიძლება ჩემი არასწორი პოზიციიდან გადავიდეთ სწორ პოზიციაზე".

ირაკლი სესიაშვილმა სესიაზე თავდაცვის მინისტრსა და მთავრობას მოუწოდა, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური მაქსიმალურად უნდა განვითარდეს.

"ის ტემპი, რომელიც არის, საკმარისი არ არის. სამხედრო სარეზერვო სამსახური ვერ იარსებებს ტოტალური თავდაცვის პრინციპის უზრუნველყოფის პროცესში, სამოქალაქო თავდაცვის გარეშე. მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო არ არის ის უწყება, რომელსაც პასუხი მოეთხოვება. თითოეულ ჩვენთაგანს უნდა ესმოდეს, რომ დღეს მე აქ რომ ვდგავარ, ირაკლი სესიაშვილი კი არ ვარ, მე ვარ ის ერთი ჯარისკაცი, რომელსაც აქვს ერთი აგური ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის".

ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, არამართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ. მან იდეის გაჟღერებისას განმარტა, რომ ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათზე კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.

სესიაშვილმა გუშინ, 2019 წლის 18 მარტს განმარტა, რომ მისი ინიციატივა ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელს ეხება. თუმცა, მისივე თქმით, თუ მართლმადიდებელ მღვდლებს რაიმე სხვა ნორმა იცავს, ეს მის კანონპროექტთან კავშირში არ არის.