ერთხელ უკვე გაგაცანით ფაქტები ტყვიით მოწამვლის შესახებ, რომელიც თქვენი ბავშვების დაცვაში დაგეხმარებათ. ახლა კი იმ საკვებზე გიამბობთ, რომელიც ორგანიზმის ტყვიისგან დაცვაში დაგეხმარებათ.

ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და ნარკოტიკების ადმინისტრაცია (FDA) გამუდმებით ამონიტორინგებს მაღაზიებს, კონკრეტულ პროდუქტებს, კოსმეტიკას და საკვებ დანამატებს, რათა მოქალაქეების ჯანმრთელობა დაიცვას.

ტყვია საკვებში

FDA-ს მიხედვით, ტყვია საკვებში გარემოდან ხვდება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

  • ტყვია შესაძლოა არსებობდეს ნიადაგში. მასში მოყვანილი ხილი ან ბოსტნეული კი სხვადასხვა საკვებში შესაძლოა ინგრედიენტად გამოვიყენოთ;
  • ტყვია, რომელიც მცენარეში ამ გზით ხვდება, გარეცხვით ან დამუშავებით არ გამოდის;
  • წყალსა და მცენარეებში არსებული ტყვია შესაძლოა იმ ცხოველებში მოხვდეს, რომლებსაც შემდეგ ადამიანები მიირთმევენ;
  • ტყვია შესაძლოა საკვებში ონკანიდან წამოსული წყლიდან მოხვდეს;
  • ტყვია საკვებში შესაძლოა ჭურჭლიდან ან იმ ზედაპირიდან მოხვდეს, რომელზეც მზადდება.

ჯანსაღი პროდუქტები

ტყვია, როგორც სხვა მძიმე მეტალი, ბიოდეგრადირებადი არაა და გარემოდან დროის განმავლობაში არ ქრება.

მისი მოხვედრა ორგანიზმში ნებისმიერი ოდენობით საშიშია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვებზე ვზრუნავთ.

ბავშვებისთვის ტყვიის არსებობის უსაფრთხო მაჩვენებელი არ არსებობს. მისი მინიმალური ოდენობით გამოწვეული მოწამვლაც კი შესაძლოა ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა პრობლემაში გამოვლინდეს.

როგორც ამერიკის კვებისა და ენდოკრინოლოგიის აკადემია აცხადებს, ჯანსაღ კვებას შეუძლია ორგანიზმში მოხვედრილი ტყვიის შემცირება. როდესაც სხეულში სასარგებლო საკვებია, ტყვიას უფრო უჭირს მასში გავრცელება.

სასარგებლოა ის საკვები, რომელიც სავსეა კალციუმით, C ვიტამინით და რკინით. გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებითაც ორგანიზმში მოხვედრილ ტყვიას უნდა ებრძოლოთ.

კალციუმი აძლიერებს ძვლებს და ტყვიას გამოდევნის. კალციუმით მდიდარი პროდუქტებია:

  • რძე და მისი ნაწარმი, მაგალითად ყველი და იოგურტი;
  • მწვანე, ფოთლოვანი ბოსტნეული, როგორიცაა ყვავილოვანი კომბოსტო, ბოლოკი და სხვა;
  • სოიოს რძე, ფორთოხლის წვენი, ტოფუ;
  • დაკონსერვებული სალმონი და სარდინები.

ტყვიას ასევე ბლოკავს რკინა. ამიტომ სასარგებლოა საკვები, რომელიც რკინას შეიცავს:

  • წითელი ხორცი;
  • რკინით გამაგრებული მარცვლეული, პური და მაკარონი;
  • ლობიო და ოსპი.

ვიტამინი C ხელს უწყობს სხეულს რკინის უკეთ მიღებაში, რაც თავის მხრივ, ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას გულისხმობს. საკვები, რომელიც C ვიტამინითაა მდიდარი:

  • ციტრუსი, როგორიცაა ფორთოხალი და გრეიპფრუტი;
  • კივი, მარწყვი და ნესვი;
  • პომიდორი;
  • კარტოფილი;
  • წიწაკა.