ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებაზე, გარდაბანში მომხდარი თავდასხმის შესახებ, შსს აცხადებს, რომ ინციდენტში ცივი იარაღი არ ფიგურირებდა.

"გარკვეული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ გამარჯვებაში ადგილი ჰქონდა დაჭრის ფაქტს. ინციდენტის დროს ცივი იარაღი არ ფიგურირებდა. შესაბამისად, კონფლიქტის მონაწილე არც ერთი პირი დაჭრილი არ არის" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შს სამინისტროს თქმით, 16 სექტემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში რამდენიმე პირს შორის, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოხდა ინციდენტი. გამოძიება სსკ-ს 125-ე (ცემა) მუხლითაა დაწყებული.

გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების დანით შეიარაღებული აქტივისტები სოფელ გამარჯვების ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბში შეიჭრნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ შტაბის წევრ ნიკა მჭედლიძეს.

"მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, ფართო საზოგადოებაში გავრცელებამდე, ინფორმაცია შესაბამის უწყებაში გადაამოწმონ, რათა არ მოხდეს დეზინფორმაციის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა" - აცხადებს შსს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ქართულმა ოცნებამ მოუწოდა მხარდამჭერებს, არ ჩაებან კონფლიქტებში.